ახსნა, რომ კონტექსტი არ იყო სწორად გაგებული, ერთადერთი, შეიძლება, მიუთითებდეს თავად ელჩის არაკომპეტენტურობაზე, – ამ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა“ წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რას ნიშნავს დანიის ელჩისა და საელჩოს განცხადებები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთდა.
„როგორც ჩანს, მან ვერ შეძლო, სათანადო კომპეტენტურობით გადმოეცა საკუთარი მოსაზრება სათანადო კონტექსტში. რა თქმა უნდა, ცუდია, როდესაც ასეთი არაკომპეტენტურობა, საბოლოო ჯამში, გამოიყენება შემდეგ უკვე დაპირისპირებისთვის და, უპირველეს ყოვლისა, თავად წარმოდგენილ ქვეყანას აყენებს ზიანს, როდესაც ელჩის არაკომპეტენტური განცხადებები ქვეყნის შიგნით მღელვარებებს იწვევს. მე მგონი, თვითონ დანიის საელჩოც მიხვდა, რომ ეს იყო გარკვეული შეცდომა და არაკომპეტენტურობა ელჩის მხრიდან. კი ბატონო, ჩავთვალოთ, რომ ასე იყო და გავიაროთ ეს საკითხი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იყო თუ არა გარკვეული კომუნიკაცია ამ ფაქტის შემდეგ საელჩოსთან, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ასეთი კომუნიკაცია არ ყოფილა.
„ფაქტია, განცხადება გულისხმობს იმას, რომ მას არ უნდოდა ამის თქმა, ასე არ უგულისხმია და იყო სხვა კონტექსტი. არ ვიცი, სიტყვა შეეშალა თუ რა მოუვიდა. ჩავთვალოთ, რომ გავიარეთ ეს თემა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
დანიურ გამოცემაში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ საავტორო სტატიასთან დაკავშირებით, საქართველოში დანიის ელჩი რამდენიმე დღის წინ საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა. საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოში დანიის საელჩომაც, სადაც ნათქვამია: „ვხედავთ ელჩის დანიური სტატიიდან ამოღებულ ამონარიდს, რომელიც კონტექსტის გარეშე გამოიყენება ქართულ დებატებში“.
0
0
ლონდონში სიცხემ 263 ადამიანი იმსხვერპლა
09/07/2025