13/07/2023
11:19
საზოგადოება
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებთან საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა.
მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ მეუფე შიო არ არის მოწამლული და ის მშვენივრად გრძნობს თავს.
"მეუფე შიო მშვენივრად გრძნობს თავს [...] და თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა ის ვიღაც მკვლელი, ვერ მოუწამლავს ესე იგი, ამიტომ არ არის მოწამლული", - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.
მეუფე ნიკოლოზმა ამ კონტექსტში ციანიდის საქმეც გაიხსენა და აღნიშნა, რომ როგორც მეუფე შიოს, ასევე პატრიარქის მოწამვლის საქმეები "ხელოვნურია".
"ციანიდის საქმე ასევე არის შეთხზული ჟურნალისტების მიერ, არავითარი ციანიდის საქმე არ არსებობს სინამდვილეში. იქაც ასე იყო, აღიძრა გამოძიება, მოკლედ ეს ხელოვნური საქმეებია, ისიც და ესეც. რომელზეც ნამდვილად უწერია, რაც გავარკვიე, რომ პატრიარქის მკვლელობის მცდელობისათვის არ არის გასამართლებული, სხვა ბრალდება აქვს წარდგენილი. პირველი კომენტარი მე ჯერ კიდევ გერმანიაში გავაკეთე, იქვე და მე ვთქვი, რომ არ მეგულება დღეს საქართველოში ადამიანი, რომელსაც შეუძლია პატრიარქზე ხელი აღმართოს", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
5 ივლისს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის მოწამვლა სცადეს.
6 ივლისს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ მიტროპოლიტ შიოს სისხლის ანალიზში გარკვეული ცვლილებები არის. ჯაღმაიძის ცნობით, ანალიზის მიხედვით, სისხლში მეტალების შემცველობა დაშვებულზე მეტი აღმოჩნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეუფე შიო მუჯირის საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის, 19-109-ე მუხლით დაიწყო.
0
0