
უდავოდ ისტორიული დღე გვაქვს, ეპოქალური მოვლენაა ეკლესიისა და საზოგადოების ცხოვრებაში. ვირჩევთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. სამი კანდიდატია და სამივედან მოსალოდნელია, რომ რომელიმე გახდეს კათოლიკოს-პატრიარქი. ამას გადაწყვეტს სხდომა და შედეგი არჩევნებისა, – ამის შესახებ ატენისა და გორის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, – ხომ არ გაქვთ მოლოდინი, რომ რომელიმე კანდიდატი ჩახსნის საკუთარ კანდიდატურას? – მეუფე ანდრიამ განაცხადა, რომ არ ჰგონია, ვინმემ კანდიდატურა მოხსნას.
რაც შეეხება ჩარევებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, საკითხზე კომენტირებისას მეუფე ანდრიამ აღნიშნა:
„მეღიმება, როდესაც ეს კითხვა ჩნდება. შეიძლება, მე და თქვენ კერძო საუბარში ერთმანეთს გავუზიაროთ აზრები. თქვენ მითხრათ, ეს კანდიდატი მომწონსო, მე გიპასუხოთ, რომ სხვა უფრო მომწონს. ეს ჩარევა არის თქვენს არჩევანში? ჩემთან არავის ჰქონია საუბარი“.
მეუფე ანდრიას თქმით, პატრიარქობის სამივე კანდიდატი არის ერთგული ეკლესიისა და ქვეყნისა.
„შემიძლია ვთქვა, რომ პატრიარქობის სამივე კანდიდატი ერთგულია ეკლესიისა და ქვეყნისა. პრიორიტეტი არის ღვთისა და ქვეყნის ერთგულება“, – განაცხადა მეუფე ანდრიამ.
კიდევ ერთ კითხვაზე, – „თქვენც ხომ გინდოდათ კანდიდატობა, რატომ არ იბრძოლეთ ამისთვის?“ – მეუფე ანდრიამ უპასუხა: „არა, ასე არ იყო“.
0
0