25/12/2023
13:01
მსოფლიო
ცენტრალური და სამხრეთ ამერიკიდან, ძირითადად, ვენესუელადან, კუბადან და მექსიკიდან, მიგრანტთა ფართომასშტაბიანი ქარავანი დაიძრა, რომელიც, მექსიკის გავლით, შეერთებული შტატების საზღვრისკენ მიემართება. 8000-მდე [ყველა ასაკის] ადამიანს ბანერი უჭირავს, წარწერით "სიღარიბისგან გაქცევა". ჰონდურასელი მიგრანტების თქმით, თავიანთ ქვეყანაში არსებული სიღარიბის გარდა, ისინი კრიმინალურ დაჯგუფებებს გაურბიან, რომლებიც მათ მოკვლით ემუქრებოდნენ.
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღეში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მეხიკოს ეწვევა და, მიგრაციის კონტროლთან დაკავშირებით, ახალ შეთანხმებებს გააფორმებს.
მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორმა განაცხადა, რომ ის მზად არის, კვლავ ითანამშრომლოს აშშ-სთან მიგრაციის სფეროში პრობლემების გადასაჭრელად.
თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბლინკენი დასავლეთ ნახევარსფეროში "უპრეცედენტო არარეგულარული მიგრაციის" საკითხებს განიხილავს და დაასახელებს გზებს, რომლითაც ორი ქვეყანა "საზღვრის უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებს გადალახავს".
2022-2023 წლებში, აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე დაკავებულთა რაოდენობამ ორ მილიონს გადააჭარბა. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მონაცემების მიხედვით, 2023 წლის სექტემბერში, აშშ-ის სასაზღვრო პატრულმა 200 000-ზე მეტი მიგრანტი დააკავა, რომლებიც უკანონოდ კვეთდნენ აშშ-მექსიკის საზღვარს.
0
0