
ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ "ახალის" ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას შეუძლია "გადაუწყვეტელი ამომრჩევლის" ხმები მოიზიდოს.
"ალიასთან" ინტერვიუში ხუხაშვილმა ასევე, აღნიშნა, რომ მელია დინამიკურია, ხალხში კეთილგანწყობას იწვევს, შეუძლია ბევრი შეხვედრა ჩაატაროს და აქვს ხალხში კეთილგანწყობის მოპოვების უნარი.
"ნიკა მელია ქართულ პოლიტიკაში, ერთგვრად, უნიკალური მოვლენაა, ასეც შეიძლება ითქვას. აგიხსნით, რატომ. იმიტომ, დღეს ოპოზიციის მთავარი პრობლემაა, რომ არ შეუძლიათ ამომრჩეველთან მუშაობა. ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიცია ძირითადად მონოლოგის რეჟიმში ესაუბრება ხალხს და ვერანაირი ინტერაქტივი ვერ შედგა ხალხთან. მელია არის ადამიანი, რომელსაც ეს უნარები აქვს და ხალხთან ურთიერთობა, მათი დარწმუნება დისკრიდიტირებული „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის პოზიციიდანაც კი მოუხერხებია. შესაბამისად, თუ მელია ამ დინამიკას აკრეფს, მას შეუძლია გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმები მოიზიდოს, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს პოლიტიკურ ბაზარზე ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალაზე მოთხოვნა ძალიან მაღალია. მელია დინამიურია, ხალხში კეთილგანწყობას იწვევს, შეუძლია ბევრი შეხვედრა ჩაატაროს და აქვს ხალხში კეთილგანწყობის მოპოვების უნარი. ეს ენერგეტიკა მას აქვს და ამან შეიძლება თავისი ეფექტი გამოიღოს. ნიკა მელიას რესურსით მოპოვებული ხმები, ცხადია, პარტიულ ყულაბაში წავა" - განაცხადა ხუხაშვილმა.
0
0