
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „MEGOBARI აქტი“ იმის მაჩვენებელია, რომ საქართველო მთავარ პარტნიორებთან იზოლაციაში შედის.
მისივე თქმით, ქვეყანაში არსებულ ღრმა პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილია.
„ეს მაჩვენებელია იმის, რომ ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისია. კრიზისი ექვსი თვეა გრძელდება და ქვეყანა პარალიზებულია, მაგრამ „MEGOBARI აქტი“და ის სია, რომელიც გამოქვეყნდა (რომელიც პრაქტიკულად, „ქართული ოცნების” ყველა მაღალჩინოსანს ეხება და ალბათ, ამით არ მთავრდება) ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იზოლაციაში შევდივართ. ქვეყანა ჩვენს მთავარ პარტნიორებთან იზოლაციაში შედის. ერთი მხრივ, ევროკავშირთან, რომელსაც ყოველდღიურად „ქართული ოცნების” წარმომადგენლები ლანძღავენ, შეურაცხყოფას აყენებენ. მეორე მხრივ, ამერიკასთან. ეს სია უკვე მოქმედებს, იმიტომ, რომ ასეთ სიაში აღმოჩენა ნიშნავს, რომ ყველა ქვეყნის საზღვრებზე, ეს გვარები და სახელები ცნობილია. ზოგადად, ეს ქვეყნისთვის კრიზისია.
ქვეყანაში არსებულ კრიზისზე მთლიანად პასუხისმგებელია ბიძინა ივანიშვილი და არა ჩვენი პარტნიორები. არავინ არ არის პასუხისმგებელი, გარდა იმ ადამიანის, რომელიც ამ ქვეყანას ერთპიროვნულად (შეიძლება რუსეთის ინსტრუქციებით) მართავს და ჩიხში, უფსკრულში მიჰყავს. აქედან გამოსვლის [გზა] ახალი არჩევნებია. ეს ყველა ქვეყანაში გამოცდილი ფორმაა, თუ როგორ გამოდიხარ ღრმა კრიზისიდან, ისე რომ ეს გამოსვლა მშვიდობიანი იყოს, ახალი დესტაბილიზაცია არ გამოიწვიოს, რომელიც ამ ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება. ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ექვსი თვეა გაჩერებულია…ამ ქვეყნისთვის დღეს საჭიროა, რომ სწრაფად ახალი არჩევნები დაინიშნოს, ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ და ყველა საჭირო გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც ამ ქვეყანას გააცოცხლებს.
ეს ქვეყანა დღეს გაყინულია. ამის მაჩვენებელია „MEGOBARI აქტი“. ასევე, მაჩვენებელია იმის, თუ დღევანდელი „ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი რას უკეთებენ ქვეყანას, [რომელიც] უკვე ყველამ დაინახა და ეს ასე ვერ გაგრძელდება.
ამიტომ, ყველა გონს უნდა მოეგოს, ყველამ უნდა გამოიყენოს მისთვის არსებული საშუალება, ვინც რაღაცაში პასუხისმგებელია და თანამდებობაზეა, შეიძლება თავს უშველოს, ვინც თავს ვერ უშველის, მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ქვეყანას უნდა ვუშველოთ და ამას ერთად უნდა ვუშველოთ იმით, რომ ყველა ერთად დავდგეთ და ვთქვათ, რომ არჩევნები სასწრაფოდ დასანიშნია. იმიტომ, რომ ქვეყანას დრო უკვე აღარ ჰყოფნის იმისთვის, რომ ამ ღრმა ჩიხიდან გამოვიდეს”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
0
0