
BBC-მ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ევანგელისტურ-ქრისტიანული ეკლესიის ნიგერიელი დამაარსებლის, თიბი ჯოშუას [ამჟამად, გარდაცვლილია] მიერ განხორციელებული ძალადობისა და წამების (მათ შორის, გაუპატიურებისა და იძულებითი აბორტების) ამსახველი მტკიცებულებები აღმოაჩინა.
თიბი ჯოშუა, რომელიც 2021 წელს გარდაიცვალა, ქარიზმატული და უაღრესად წარმატებული მქადაგებელი და ტელევანგელისტი იყო და მას მსოფლიო მასშტაბით, უამრავი მიმდევარი ჰყავდა.
როგორც BBC-ი წერს, ათობით თვითმხილველის ჩვენების მიხედვით, ჯოშუა ფიზიკურად ძალადობდა, აწამებდა, მათრახით და ელექტროკაბელებით ცემდა და ჯაჭვით აბამდა ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს. დაზარალებული ქალების მტკიცებით, წლების განმავლობაში, შენობის შიგნით, ჯოშუა მათზე სექსუალურად ძალადობდა. მრავალი ბრალდება ეხება იძულებითი აბორტების ჩატარებას. ერთ-ერთი ქალის თქმით, სავარაუდო გაუპატიურების შემდეგ, ჯოშუამ მას ხუთჯერ გააკეთებინა აბორტი. ერთ-ერთი მსხვერპლი, ბრიტანელი ქალი, სახელად რეი, 21 წლის იყო, როდესაც 2002 წელს ბრაიტონის უნივერსიტეტი მიატოვა. რეი ეკლესიაში გადაიყვანეს, სადაც, მან, როგორც ჯოშუას ე.წ. "მოწაფემ", შემდეგი 12 წელი ლაგოსში, ლაბირინთის მსგავს ადგილას, გაატარა.
„ჩვენ ყველას გვეგონა, რომ სამოთხეში ვიყავით, რომელიც ნამდვილი ჯოჯოხეთი აღმოჩნდა“, - განუცხადა რეიმ BBC-ს.
რეის თქმით, მას ჯოშუამ სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენა და ის ორი წლის განმავლობაში დაპატიმრებული იყო. ძალადობა იმდენად მძიმე იყო, რომ რეიმ შენობის შიგნით რამდენჯერმე თვითმკვლელობა სცადა.
BBC-სთან ჯოშუას 25-ზე მეტმა ყოფილმა „მოწაფემ“ (დიდი ბრიტანეთიდან, ნიგერიიდან, აშშ-დან, სამხრეთ აფრიკიდან, განადან, ნამიბიიდან და გერმანიიდან) აღნიშნულ ბრალდებებზე ისაუბრა. ნიგერიაში რამდენიმე მოწმე ამტკიცებს, რომ მათ თავს დაესხნენ, ერთ-ერთ მათგანს კი იარაღიდან ესროლეს მას შემდეგ, რაც მანამდე მათ ჯოშუას მიერ განხორციელებული ძალადობის შესახებ ისაუბრეს და YouTube-ზე ბრალდებების შემცველი ვიდეოები გამოაქვეყნეს.
როგორც გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ BBC-ს განუცხადა, ის დანაშაულის, მათ შორის საზღვარგარეთ მცხოვრები ბრიტანეთის მოქალაქეების მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ არსებულ ყველა ცნობას, დეტალურად განიხილავს.
Scoan-ი [ქარიზმატული ქრისტიანული მეგაეკლესია, რომელიც ლაგოსში მდებარეობს] ჯოშუას ქვრივის, ეველინის ხელმძღვანელობით, დღესაც აგრძელებს აქტიურობას. 2023 წლის ივლისში ის ესპანეთში ტურნეს ხელმძღვანელობდა.
0
0