
მეცნიერებმა პტეროზავრის, იგივე მფრინავი ხვლიკების ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც შოტლანდიის კუნძულ სქაიზე 168 მილიონი წლის წინ ბინადრობდა. მეცნიერებმა ახალ სახეობას Ceoptera evansae დაარქვეს. ფრთოსანი ქვეწარმავალი შუა იურული პერიოდში არსებობდა.
პალეონტოლოგებმა ნამარხი ნაშთები, პირველად, 2006 წელს, კუნძულის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე მოგზაურობის დროს შენიშნეს. მას შემდეგ გუნდმა წლები დახარჯა ნამარხიდან ნიმუშის აღებასა და ძვლების სკანირებაში, რომელთაგან ზოგიერთი მთლიანად კლდეშია ჩარჩენილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩონჩხი არასრულია და მხოლოდ მხრების, ფრთების, ფეხებისა და ხერხემლის ნაწილებია დარჩენილი, მკვლევარებს პტეროზავრების ევოლუციური ისტორიისა და მათი მრავალფეროვნების შესახებ ძირითადი ინფორმაციით უზრუნველყოფს.
მათი თქმით, ახალი სახეობა პტეროზავრების ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც ცნობილია როგორც Darwinoptera. ბევრი ასეთი ნამარხი ასევე ნაპოვნია ჩინეთში.
„Ceoptera-ს აღმოჩენა გვიჩვენებს, რომ მფრინავი ქვეწარმავლების მოწინავე ჯგუფი, რომელსაც ის ეკუთვნის, უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე ჩვენ გვეგონა და მსოფლიოში სწრაფად გავრცელდა (ძირითადად, ჩინეთის ტერიტორიიდან). შუა იურული პერიოდი, როდესაც Ceoptera არსებობდა, პტეროზავრის ევოლუციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთია და აღნიშნული დროის მფრინავი ქვეწარმავლების შესასწავლად ყველაზე ცოტა ნიმუში გვაქვს. ეს აღმოჩენა კი ერთი ნაბიჯით გვაახლოებს, რომ გამოვიკვლიოთ, თუ სად და როდის განვითარდნენ პტეროზავრები“, - თქვა ლონდონის ბუნებისმეტყველების მუზეუმის მკვლევარმა პოლ ბარეტმა.
0
0