26/07/2024
15:19
მსოფლიო
მეცნიერების განცხადებით, მერკური ყველაზე პატარა პლანეტაა მზის სისტემაში, „თუმცა ის დიდ საიდუმლოს მალავს“.
ახალი კვლევის მიხედვით, მერკურის ქერქის ქვეშ ალმასის ფენის სისქე შეიძლება 18 კმ იყოს. ჩინელმა და ბელგიელმა მეცნიერებმა NASA-ს კოსმოსური ხომალდის MESSENGER-ის დახმარებით, პლანეტის ინტერიერის სტრუქტურის განსასაზღვრავად 2004-2015 წლებში შეგროვებული მონაცემები გამოიყენეს.
„მაგმის ოკეანის კრისტალიზაციამ, სავარაუდოდ, ხელი შეუწყო ბირთვის/მანტიის ზედაპირზე ძალიან თხელი ალმასის ფენის ფორმირებას. მომდევნო და მთავარი პროცესი მერკურის ლითონის ბირთვის კრისტალიზაციაა. როდესაც პლანეტა 4,5 მილიარდამდე წლის წინ ჩამოყალიბდა, ლითონის ბირთვი მთლიანად თხევადი იყო, რომელიც დროთა განმავლობაში თანდათანობით კრისტალიზდებოდა. ახალი კვლევის მიხედვით, ექსტრემალური დაწნევის ქვეშ მანტიაში არსებული ნახშირბადი ალმასად გადაიქცა. ალმასი შემდეგ ბირთვის ზემოთ „ცურავდა“ და მასსა და მანტიას შორის ფენა შეიქმნა“, - განაცხადა კვლევითი ჯგუფის წევრმა ოლივიე ნამურმა.
თეორიის შესამოწმებლად, მეცნიერებმა სინთეზური მაგნიუმის სილიკატის მასალა 7 გიგაპასკალზე (წნევის ერთეული) მოათავსეს და 2,177C ტემპერატურამდე გააცხელეს, რათა ეჩვენებინათ, თუ როგორ შეიცვლებოდა მინერალები პლანეტა მერკურის ფორმირების დროს და, ამ პირობებში, ალმასის წარმოქმნის იმიტირება მოახდინეს.
ნამურის განმარტებით, მიღებული შედეგები მერკურისა და სხვა პლანეტების, მაგ., დედამიწისა და მარსის, წარმოქმნას შორის სხვაობაზე მიუთითებს. მანამდე, მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ დედამიწის ზედაპირის ქვეშ, 160 კმ-ზე მეტ სიღრმეზე, შესაძლოა კვადრილიონ ტონაზე მეტი ალმასი იყოს მიმოფანტული.
0
0