
სულსწრაფობასთან გვაქვს საქმე. ხომ იცით, რომ ყველაფერი დასწრებაზეა ქართულ პოლიტიკაში? ხალხი ცდილობს, ერთმანეთს დაასწროს რაღაც - იქნება ეს განცხადებები თუ წერილების დაგზავნა, - ასე შეაფასა „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ნაცმოძრაობის“ მიმართვა ეუთო/ოდირს, რომ საქართველოში გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლები გამოაგზავნოს.
„ეს ქართული პოლიტიკის კლასიკაა და მე არ ველოდები, რომ „ნაცმოძრაობა“ სხვანაირად მოიქცევა, როცა ამის შანსი ექნება. მე წარმომიდგენია ეუთო/ოდირის წარმომადგენლები ტრავოლტას „გიფის“ ფორმაში ამ წერილის წაკითხვის შემდეგ“, - აღნიშნა ხვიჩიამ.
ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ეუთო/ოდირს დამკვირვებლების გამოგზავნისთვის მიმართოს. გარდა ამისა, „ნაცმოძრაობამ“ გრძელვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებლების გაგზავნის თხოვნით ეუთო/ოდირსაც მიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ვადები გაწერილია გეგმაში, რომელიც დამტკიცდა ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ ჯერ კიდევ გასული წლის 27 ნოემბერს და რომელიც საჯაროა და ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე.
0
0