
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ სერბეთის პოლიტიკური ვალდებულებაა, მისდიოს ევროპულ გზას და დააჩქაროს ევროკავშირში ინტეგრაცია.
ამის შესახებ მან ბელგრადში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიუ კოშტასთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ალექსანდრ ვუჩიჩმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში 9 მაისს მისი ვიზიტის გამო ატმოსფერო მთლად კარგი არ არის, მას სჯერა, ევროკავშირი აღიარებს სერბეთის პროგრესს.
„სერბეთის პოლიტიკური ვალდებულება ცხადია – მისდიოს ევროპულ გზას, დააჩქაროს ინტეგრაცია, შეასრულოს ვალდებულებები და გახსნას მესამე კლასტერი პირველი შესაძლებლობისთანავე, იქნება ეს ივნისში თუ ოქტომბერში, არავინ იცის. მე საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ მოსკოვში ჩემი ბოლოდროინდელი ვიზიტის გამო ატმოსფერო არც ისე კარგია. ამის მიუხედავად, ჩვენ მივიწევთ წინ ვალდებულებების შესრულებისკენ და მე მჯერა, ევროპა აღიარებს იმას, რასაც უწოდებენ – დამსახურებაზე დაფუძნებულ პროგრესს“, – განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.
თავის მხრივ, ანტონიუ კოშტამ აღნიშნა, რომ შეიძლება ვიზეიმოთ გათავისუფლება 80 წლის წინ და არ დავგმოთ დღეს სხვა ქვეყანაში ინტერვენცია. მან ასევე ბელგრადისა და პრიშტინას შორის დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია იმის განმარტება, თუ რას ნიშნავს პრეზიდენტ ვუჩიჩის ვიზიტი მოსკოვში გასულ კვირას. როგორც მან ამიხსნა, ეს იყო წარსული მოვლენის აღნიშვნის მომენტი. ამჟამად სერბეთი არის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში სრულად ჩართული და სერბეთმა იცის, ამისთვის, ჩვენ გვჭირდება სრული შესაბამისობა საგარეო და უსაფრთხოების საერთო პოლიტიკაში. ჩვენ არ შეგვიძლია ისტორიის გადაწერა. მე სრულად მესმის, რომ სერბეთი აღნიშნავს თავის გათავისუფლებას, თუმცა არ შეიძლება ვიზეიმოთ გათავისუფლება 80 წლის წინ და არ დავგმოთ დღეს, სხვა ქვეყანაში ინტერვენცია. ჩემთვის, რაც მნიშვნელოვანია, არის არა ისტორია, არამედ აწმყო და მომავალი. ამიტომ მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ სერბეთის მთავრობის კონკრეტული ვალდებულებები მედიის თავისუფლების უზრუნველსაყოფად, საარჩევნო და ანტიკორუფციულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რადგან ეს არის საკვანძო ელემენტები მოლაპარაკებების მესამე კლასტერის გასახსნელად“, – განაცხადა ანტონიუ კოშტამ.
საპასუხოდ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ ის სერბეთის პრეზიდენტია და ემსახურება სერბ ხალხს და არავის სხვას.
„თქვენ თქვით „ვუჩიჩი ჩვენ არ გვისმენს!“, თუმცა ჩვენ არავის ვუსმენთ. მე სერბეთის პრეზიდენტი ვარ! მე სერბეთის მოსახლეობას ვემსახურები, მე არ ვუსმენ და არ ვემსახურები ვინმე სხვას“, – თქვა ალექსანდრ ვუჩიჩმა.
0
0