
პირადად მე არანაირი შეტყობინება, არც წინა შემთხვევაში და არც ამ შემთხვევაში, არ მიმიღია. გაგვიმხილონ, ვის ასანქცირებენ. ეს არის კუდის მოქნევა დამარცხებული მთავრობისა აშშ-ში, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რითაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს 20 მოქალაქისთვის, მათ შორის მაღალჩინოსნებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას გამოეხმაურა.
მდინარაძის თქმით, „ეს ყველაფერი უკვე ზღვარს გასცდა“.
„დამარცხდა მთავრობა და დამარცხებული მთავრობა კუდს იქნევს, რომ რაც შეიძლება, რაც აქამდე გააკეთა, უფრო დაამძიმოს, გაართულოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, რომ მერე პრობლემები ურთიერთობებში ძნელი აღმოსაფხვრელი იყოს. ეს ყველაფერი უკვე ზღვარს გასცდა. პარტნიორობა შევწყვიტეთო, რამდენიმე დღის წინ გამოგვიცხადეს, არადა არც პირდაპირი ფრენები, არც უვიზო მიმოსვლა, არც თავისუფალი ვაჭრობა, რაც პარტნიორობის ჩანასახს მაინც შექმნიდა, ჩვენ არ გვქონია. იმედი გვაქვს, რომ გადაიტვირთება ურთიერთობები და ნელ-ნელა რეალურ საკითხებზე ვილაპარაკებთ და ეს ურთიერთობები მხოლოდ განცხადების დონეზე არ დარჩება“, - განაცხადა მდინარაძემ.
0
0