25/03/2023
23:27
პოლიტიკა
პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ქვრივი, მანანა არჩვაძე-გამსახურდია, სოციალურ ქსელში “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს აზიარებს და იმ ადამიანების სიას აქვეყნებს, რომლებმაც, მისივე შეფასებით, “უღალატეს ზვიად გამსახურდიას და საქართველოს”. ლევან ხაბეიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე სწორედ ეს ადამიანები არიან გამოსახულნი.
მანანა არჩვაძე-გამსახურდია იმ ადამიანების გვარებსაც ასახელებს, რომლებიც ამ ფოტოზე არ არიან. ესენი არიან - ბადრი ჯაფარიძე, გუბაზ სანიკიძე და აკაკი ასათიანი.
მანანა არჩვაძე-გამსახურდია წერს:
,,ფულზე გაყიდული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ე.წ. დეპუტატები, რომელთაც უღალატეს საქართველოს და ზვიად გამსახურდიას. გთავაზობთ ფოტოსურათზე წარმოდგენილი მოქალაქეების პირად მონაცემებს:
თენგიზ ჩაჩავა – მას დიდი ხანია შეჩერებული აქვს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატის სტატუსი;
ზურაბ ძოწენიძე – მას დიდი ხანია შეჩერებული აქვს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატის სტატუსი. ე. შევარდნაძის დროს მისი მამა გიორგი ძოწენიძე იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო ზურაბ ძოწენიძე საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოში შეფარული უშიშროების კარტოთეკიანი თანამშრომელი;
რევაზ კემულარია – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი, პუტჩის შემდგომ ფინანსური გამორჩენის მიზნით პარტიიდან პარტიაში მოსეირნე;
ვახტანგ ცაგარეიშვილი – მას დიდი ხანია შეჩერებული აქვს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატის სტატუსი;
ბიმურზა აფრასიძე (სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტზე ამ გვარით ფიგურირებს) – გახლავთ ნაციონალი, უშიშროების კარტოთეკიანი თანამშრომელი;
ნოდარ ნონიაშვილი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სიებში მრგვალი მაგიდის წარმომადგენლის სახელით არ ფიქსირდება, გახლავთ უშიშროების თანამშრომელი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლამდე უშიშროების სამსახურის მიერ 6 წლის განმავლობაში გაურკვეველი სტატუსით მივლინებული იყო ირანში;
ზურაბ წულაია – ფასადის შესაქმნელად გახლავთ ფოტოსუათზე, ის არასდროს ყოფილა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი;
ბეჟან ჯავახია – მას შეჩერებული აქვს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატის სტატუსი;
სანამ ამ მოქალაქეების სიის წარმოდგენას დავასრულებთ, დავასახელებთ სამ პიროვნებას, რომელნიც ასევე გაემიჯნენ უზენაესი საბჭოს წევრობას:
ბადრი ჯაფარიძე – 1992 – 2019 წლებში „თი-ბი-სი“ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, 1995-2019 წლებში დირექტორატის წევრი, პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ გენერალური მდივანი;
გუბაზ სანიკიძე – 1999-2004 წლებში საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს აღორძინება“. ფრაქცია „ტრადიციონალისტის“ თავმჯდომარის მოადგილე, შემდეგ ფრაქციის თავმჯდომარე. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ქუთაისის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“;
აკაკი ასათიანი – 1992-1995 წლებში საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ტრადიციონალისტთა გაერთიანება“ და 1999-2004 წლებში მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“, უშიშროების კარტოთეკიანი თანამშრომელი.
ასე დაუფასეს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ მოქალაქეებს ამაგი.
მათ სრულიად დაუმსახურებლად, ხუნტისგან აიღეს საკმაოდ დიდი თანხა პენსიის სახით და დღესაც კარგად ფინანსდებიან. აქვე დავამატებ ამ მოქალაქეების ბოროტ ზრახვებს პირადად ზვიად გამსახურდიას ოჯახის მიმართ. მათ ცოტნე გამსახურდიას წინააღმდეგ პოლიტიკური ტერაქტის მოწყობის შემდეგ, მისი სიცოცხლის გადასარჩენად ხელის მოწერაზე უარი განაცხადეს.
სია არაა დასრულებული, დანარჩენს მომავალში გაახლებთ.”
0
0