23/11/2024
20:40
პოლიტიკა
„ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა, რომ 25 ნოემბერს, პარლამენტში, პირველ სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს არ ელოდება.
„მინდა მივმართო ოპოზიციის წარმომადგენლებს, თუ მაგარი გოგოები და ბიჭები არიან, შემოვიდნენ და ერთად ვიდავოთ ქვეყნის განვითარებაზე, ერთად ვიდავოთ იმ რეფორმებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია, რომ განხორციელდეს. თუ მათ სურვილი აქვთ, რომ საქართველო განვითარდეს, ამის ერთადერთი საშუალება, რაც ცივილიზებულმა სამყარომ მოიგონა, არის პარლამენტი და ის სივრცეები, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება.
მაგრამ, ეს ადამიანები არიან ქუჩის ოპოზიცია და მათი მიზანია დარჩნენ ქუჩის ოპოზიციად. მათ აქვთ საკმარისი მანდატები იმისთვის, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩაერთონ, მაგრამ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რასაც მათი „დირიჟორები“ უკარნახებენ“, - აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.
მე-11 მოწვევის პარლამენტი ორშაბათს შეიკრიბება. რადიკალური ოპოზიციის ლიდერები მიზანმიმართულად ავრცელებენ სიცრუეს და ამომრჩეველს არწმუნებენ, რომ მინიჭებულ მანდატებზე უარი თქვეს.
0
0