
აშშ-ის კალიფორნიის შტატში, მთიან რეგიონში [Pine Mountain Club] მდებარე სკოლა Peak to Peak Mountain Charter-ში, მასწავლებელ ელეინ სელმონს „მოულოდნელი სტუმარი“ დახვდა - დათვმა სასწავლო წლის დაწყებამდე „ვერ მოითმინა“ და საკლასო ოთახში შეიპარა.
ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც მასწავლებელი თავის საკლასო ოთახს ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ ამზადებდა.
„ასლების გადასაღებად გავედი და, როდესაც სკოლაში დავბრუნდი... გავაღე ჩემი საკლასო ოთახის კარი და იქ დათვი დამხვდა... ის კარისკენ მოიწევდა. კარი სწრაფად მივხურე და დათვი გარედან ჩავკეტე. შემდეგ ჩემს ქმარს იანს დავურეკე. პირველ რიგში, დავინტერესდი, დააზიანებდა თუ არა დათვი ოთახს, სადაც სრულიად ახალი იატაკია დაგებული და უკვე დეკორაციებიც მოვაწყვე. საბედნიეროდ, ოთახში არაფერი დაზიანებულა მიწისძვრის დროს მობილიზებისთვის საჭირო ნივთების კომპლექსის გარდა, რომელიც მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევის დროს აუცილებელ საკვებსაც მოიცავს და დათვმა ისინი გასინჯა,”- თქვა სელმონმა.
სწორედ მეორე ღამეს, ბეიკერსფილდთან, Pine Mountain Club-დან დაახლოებით 49 კმ-ის დაშორებით, 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. როდესაც სელმონის ქმარი, იან სორეი, სკოლის შენობაში ინვენტარის შესამოწმებლად შევიდა, მან დათვის ყურადღების მისაქცევად ფანჯარაზე დააკაკუნა. როგორც ელეინ სელმონი იხსენებს, როდესაც იანმა კარი გააღო, დათვი მისგან 2 მ დაშორებით იდგა, თუმცა იანისთვის ზიანი არ მიუყენებია. საბოლოოდ, დათვმა მთებში გაქცევა მოახერხა.
ინციდენტის შემდეგ, სკოლის თანამშრომლებმა უსაფრთხოების ზომები განიხილეს, რომლებიც გაკვეთილების დაწყებამდე უნდა მიიღონ.
„დათვები სკოლასთან ახლოს არასდროს მოდიან, როდესაც აქ მოსწავლეები არიან, თუმცა სიფრთხილის ზომების მიღება საჭიროა. საკლასო ოთახების კარი ფოლადისგან არის დამზადებული და კარის სახელურებსაც რეგულარულად ვამოწმებთ - Pine Mountain-ში ჩამოსულ დათვებს მანქანებში შეპარვა და შენობების კარის გაღებაც შეუძლიათ”, - თქვა სალმონმა.
0
0