სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ მისი მკვლელობის მცდელობის შემდეგ პირველი ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ აპირებს, თავის მოვალეობას რამდენიმე კვირაში დაუბრუნდეს.
Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ფიცო ამბობს, რომ მას „სლოვაკეთის ოპოზიციის აქტივისტმა“ ესროლა, ახლა კი სახლში მკურნალობს.
„თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, მე შემიძლია მუშაობას ივნისის ბოლოს - ივლისის დასაწყისში დავუბრუნდე“, - განაცხადა ფიცომ.
ამასთან, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მსროლელს პატიობს და აღნიშნა, რომ მის მიმართ არავითარ სიძულვილს არ გრძნობს. მან პირობა დადო, რომ მას არ უჩივლებს და კომპენსაციას არ მოითხოვს.
„მას ვაპატიე. დაე, საკუთარ თავში გაარკვიოს, რა გააკეთა და რატომ გააკეთა. საბოლოო ჯამში, აშკარაა, რომ ის იყო მხოლოდ ბოროტების მაცნე, რომელიც პოლიტიკურად წარუმატებელმა და იმედგაცრუებულმა ოპოზიციამ უმართავი პროპორციით განავითარა“, - აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერმა.
შეგახსენებთ, რობერტ ფიცოს 15 მაისს ქალაქ განდლოვაში მთავრობის სხდომის შემდეგ ესროლეს. პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზე დააკავა.
თავდამსხმელი 71 წლის იურაი ცინტულაა. დაკითხვისას იგი ამტკიცებდა, რომ მას სურდა არა ფიცოს მოკვლა, არამედ მისი ჯანმრთელობის დაზიანება, რათა მისთვის მიუღებელი პოლიტიკა ვეღარ გაეგრძელებინა.
0
0