
ყველა საგარეო დახმარება, რომელიც არ არის დაკავშირებული უსაფრთხოებასთან, გაერთიანდება რეგიონულ ბიუროებში, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან აშშ-ის საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე კონკრეტულ გეოგრაფიულ ტერიტორიებზე, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს სტატიაში, სახელწოდებით „ახალი სახელმწიფო დეპარტამენტი – ახალი ეპოქის გამოწვევებისთვის“.
სტატიაში რუბიო აღნიშნავს, რომ „ეს უზრუნველყოფს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ყველა ბიუროსა და ოფისს ჰქონდეს მკაფიო პასუხისმგებლობა და მისია“.
„აფრიკას თუ რამე ეხება, აფრიკის საქმეთა ბიურო იზრუნებს ამაზე. ეკონომიკური პოლიტიკა გაერთიანდება ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მდივნის მოადგილის დაქვემდებარებაში, ხოლო უსაფრთხოების დახმარებისა და შეიარაღების კონტროლი დაექვემდებარება შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მდივნის მოადგილის უფლებამოსილებას. ამ დრომდე, ურთიერთგადაფარვადი მანდატები, წინააღმდეგობრივ პასუხისმგებლობებთან ერთად, ქმნიდა ხელსაყრელ გარემოს იდეოლოგიური დაპყრობისა და უაზრო ტერიტორიული ომებისთვის. გაბერილი ბიუჯეტითა და გაურკვეველი მანდატით, სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში (შიდა წრეებში ცნობილი, როგორც „J -ის ოჯახი“) მდივნის ყოფილმა მოადგილემ შექმნა ნაყოფიერი გარემო აქტივისტებისთვის, რათა მათ ხელახლა განესაზღვრათ „ადამიანის უფლებები“, „დემოკრატია“ და განეხორციელებინათ თავიანთი პროექტები გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე მაშინაც კი, როდესაც ისინი პირდაპირ წინააღმდეგობაში იყვნენ მდივნის, პრეზიდენტისა და ამერიკელი ხალხის მიზნებთან“, – ნათქვამია მარკო რუბიოს სტატიაში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ USAID-ის დარჩენილი ფუნქციები სხვადასხვა ბიუროზე გადანაწილდება.
0
0