
ნატო-ს გენერალური მდივანი უკრაინის ომთან დაკავშირებულ შეთანხმებაში უკრაინის ტერიტორიის ნაწილზე რუსეთის კონტროლის დე ფაქტო აღიარებას არ გამორიცხავს, – ამის შესახებ მარკ რუტემ „ეიბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მარკ რუტეს თქმით, ალასკაზე აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიო დაინახავს, სურს თუ არა რუსეთს ომის დასრულება.
„მომავალი პარასკევი მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ვნახავთ, რამდენად სერიოზულად არის განწყობილი პუტინი ამ საშინელი ომის დასამთავრებლად. საუბარი იქნება ტერიტორიაზე, საუბარი იქნება, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარანტიებზე, მაგრამ, ასევე აუცილებლად უნდა ვაღიაროთ, რომ უკრაინა თავად წყვეტს თავის მომავალს, უკრაინა უნდა იყოს დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც თავად წყვეტს თავის გეოპოლიტიკურ მომავალს, შეზღუდვების გარეშე თავისი სამხედროების რაოდენობას. ხოლო ნატოსთვის აღმოსავლეთ ფლანგზე ყოფნაზე არანაირი შეზღუდვა არ უნდა იყოს“, – განაცხადა მარკ რუტემ.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი აკონტროლებს უკრაინის ომამდელი ტერიტორიის ნაწილს.
მისი თქმით, კითხვა მდგომარეობს იმაში, რა მოხდება ომის შეწყვეტის შემდეგ და როგორ დაიცავენ უკრაინას მომავალში.
„ტერიტორიების საკითხზე თუ ვსაუბრობთ, მაგალითად , მომავალ შეთანხმებაში შეიძლება შევიდეს, რომ რუსეთი დე ფაქტო აკონტროლებს უკრაინის ტერიტორიის ნაწილს, ეს უნდა იყოს ეფექტური აღიარება და არა დე იურე პოლიტიკური აღიარება“, – განაცხადა მარკ რუტემ.
0
0