
ისტორიამ გვასწავლა, რომ მშვიდობის შესანარჩუნებლად უნდა ვემზადოთ ომისთვის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ლონდონში ჩეთემ ჰაუზში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ნატო უნდა გახდეს უფრო ძლიერი და ლეტალური. როგორც მან განაცხადა, ის ელოდება, რომ ჰააგის სამიტზე ლიდერები თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდაზე შეთანხმდებიან.
„ისტორიამ გვასწავლა, რომ მშვიდობის შესანარჩუნებლად უნდა ვემზადოთ ომისთვის. სასურველის რეალობად აღქმა მშვიდობას არ უზრუნველყოფს. საფრთხეს ვერ უგულებელვყოფთ, იმედი არ არის სტრატეგია. ნატო უნდა გახდეს უფრო ძლიერი და უფრო ლეტალური ალიანსი. უფრო ძლიერი ნატო ნიშნავს ჩვენს თავდაცვაზე მეტ ხარჯვას. ყველა მოკავშირე მიმდინარე წელს მიაღწევს თავდაპირველ სამიზნეს – თავდაცვის ხარჯების მშპ-ს ორ პროცენტამდე გაზრდას. ეს იყო ჯერ კიდევ 2024 წლის დაპირება. ახლა ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა მომავლისთვის. ჩვენ ვიცით, რა გვჭირდება და ვიცით, რა გავაკეთოთ. ჰააგის სამიტზე, მე ველოდები, რომ ალიანსის ლიდერები შეთანხმდებიან თავდაცვაზე დახარჯონ მშპ-ს 5%. ეს იქნება ნატო-ს ვალდებულება და განმსაზღვრელი მომენტი ალიანსისთვის. თავდაცვითი ხარჯების ახალ გეგმას ორი ნაწილი აქვს – 3,5%-ის ინვესტირება მოხდება ჩვენს ძირითად სამხედრო საჭიროებებში, დანარჩენი კი წავა თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ინვესტიციებში, მათ შორის ინფრასტრუქტურასა და ინდუსტრიული შესაძლებლობების გაძლიერებაში. 5% არ არის ჰაერიდან მოტანილი ციფრი. ის ეფუძნება მტკიცე ფაქტებს. ფაქტია, რომ ჩვენ გვჭირდება კვანტური ნახტომი ჩვენს კოლექტიურ თავდაცვაში. ფაქტია, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს მეტი ძალა და შესაძლებლობა, რათა განვახორციელოთ სრულად ჩვენი თავდაცვითი გეგმები. ფაქტია, რომ საფრთხე არ გაქრება მაშინაც, როდესაც უკრაინაში ომი დასრულდება“, – განაცხადა მარკ რუტემ.
მისი თქმით, გასულ კვირას ნატო-ს თავდაცვის მინისტრებმა შეათანხმეს ახალი ამბიციური მიზნები.
„ზუსტი დეტალები გასაიდუმლოებულია, თუმცა ჩვენ გვჭირდება 400%-იანი ზრდა საჰაერო და სარაკეტო თავდაცვაში. ჩვენ ვხედავთ უკრაინაში, თუ როგორ თესავს რუსეთი ტერორს ჰაერიდან, ასე რომ, ჩვენ გავაძლიერებთ ფარს, რომელიც დაიცავს ჩვენს ცას. ჩვენ სამხედროებს ასევე სჭირდებათ ათასობით დამატებითი ჯავშანმანქანა და ტანკი, მილიონობით საარტილერიო ჭურვი და ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ჩვენ შესაძლებლობები, როგორიცაა ლოჯისტიკა, მომარაგება, ტრანსპორტირება და სამედიცინო დახმარება. მოკავშირეები მეტ ინვესტიციას ჩადებენ სამხედრო გემებსა და თვითმფრინავებში. მხოლოდ ერთი მაგალითი რომ დაგისახელოთ, ამერიკის მოკავშირეები შეისყიდიან „ეფ-35“-ის, სულ მცირე, 700 ავიაგამანადგურებელს. ჩვენ ასევე ჩავდებთ ინვესტიციებს მეტ დრონებსა და შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებში, ასევე კოსმოსური და კიბერშესაძლებლობების გაძლიერებაში“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
ამასთან, მარკ რუტემ აღნიშნა, რომ ნატო რჩება თავდაცვის ალიანსად და გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. ასევე, მისი მიზანი არ არის ომის გახანგრძლივება, არამედ მისი დასრულება და იმის უზრუნველყოფა, რომ მომავალში აგრესია არ განმეორდეს.
„ჩვენ კვლავ ვართ თავდაცვითი ალიანსი და ჩვენ ვართ უკიდურესად სერიოზულები, რომ თუ ვინმე გაბედავს ჩვენზე თავდასხმას, შედეგები ამ თავდამსხმელისთვის იქნება გამანადგურებელი, იქნება ეს რუსეთი თუ სხვა, ვინც ეცდება რამეს ჩვენ წინააღმდეგ“, – თქვა რუტემ.
0
0