
ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, ალიანსის წევრი ქვეყნების ნახევარზე მეტი უკრაინისათვის აშშ-სგან საჭირო შეიარაღების შესყიდვის პროგრამას შეუერთდა.
რუტემ ამის შესახებ ბრიუსელში, ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეკრების ფარგლებში, უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომისას განაცხადა.
„მოკავშირეების მხრიდან დაფინანსების წყალობით, ჩვენ უზრუნველყოფთ უკრაინას კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამერიკული შეიარაღებით. ეს იარაღი უკრაინას სჭირდება საკუთარი ხალხის დასაცავად და ფრონტის ხაზის გასამაგრებლად“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
მისივე თქმით, აშშ-სგან უკრაინისთვის საჭირო იარაღის შესყიდვის პროგრამა ნატო-ს 6 წევრით დაიწყო.
„დღეს ჩვენ მოვისმინეთ ყველა მოკავშირისგან ახალი შენატანების შესახებ გაკეთებული განცხადებები. ნატო-ს წევრების ნახევარზე მეტი შეუერთდა ამ ინიციატივას, რათა უზრუნველყოს უკრაინისთვის სასიცოცხლოდ საჭირო მხარდაჭერის ნაკადი“, – განაცხადა მარკ რუტემ.
0
0