
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა, დონალდ ტრამპის განცხადებების ფონზე, იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის სოლიდარობა გამოუცხადა.
„ტრამპი ძალიან შეურაცხმყოფელი იყო. ამიტომ, სრულად მესმის ჯორჯია მელონის რეაქცია, რაც ეროვნული ღირსების გამოხატულებაა. ნიშნავს ეს ორ ერს შორის ურთიერთობების საბოლოო წყვეტას? რა თქმა უნდა არა. არის ეს ორ ადამიანს შორის ურთიერთობების სერიოზული გაციება? რა თქმა უნდა არის. საერთაშორისო ურთიერთობებში მეგობრები არ არსებობენ. არსებობს ინტერესები, რომლებიც შეიძლება იყოს საერთო ან დაპირისპირებული“, – განაცხადა ფრანგმა პოლიტიკოსმა.
ლე პენმა ასევე აღნიშნა, რომ „ტრამპი წარმოადგენს სიმბოლოს რაღაც ფორმის პოლიტიკური ნების, რომელიც ევროპაში ათწლეულებია არ უნახავთ“, თუმცა მისივე თქმით, „ტრამპმა საგარეო პოლიტიკაში იმის საპირისპირო გააკეთა, რასაც ამომრჩეველს ჰპირდებოდა.“
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯორჯია მელონი ფოტოს გადაღებას ეხვეწებოდა და იმიტომ დათანხმდა, რომ შეეცოდა. საპასუხოდ, იტალიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის განცხადებები შეთხზულია და იტალია არასდროს არავის ეხვეწება.
1
0