
სანქციების საკითხებში აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები საქართველოში შეხვედრებს მართავენ.
თბილისში იმყოფებიან ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’ სალივანი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი ჯეიმს ო’ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი.
2 დღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მოლაპარაკებები საქართველოს ხელისუფლებასთან და შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი პირდაპირი საკომუნიკაციო არხის გახსნა და სამომავლო თანამშრომლობაზე დაფუძნებლული დიალოგის ჩამოყალიბებაა.
როგორც ბიზნესსექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, შეხვედრის დროს საუბარი შეეხო იმას, თუ რამდენად არის მზად ქართული ბიზნესი ევროპულ ბაზარზე გასასვლელად.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის თავმჯდომარემ ივა ჭყონიამ განაცხადა, მსჯელობა და საუბარი იყო ყველა იმ მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც სწორედ რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე შეიქმნა.
"საკმაოდ საინტერესო და მრავლისმომცველი შეხვედრა იყო, იმიტომ, რომ საქართველო პირდაპირ სანქციებს არ არის შეერთებული და არ უნდა იქცეს საქართველო ერთგვარ კორიდორად, რომ რაღაც ისეთი მიმართულებით, რომელიც ჩვენ ევროპულ მიმართულებებს დააზიანებს, ნაბიჯი არ გადავდგათ. დარწმუნებული ვარ, იმ მიმართულებით, დღეს როგორც მივდივართ და რაც მოვისმინე, ძალიან მალე ჩვენ მივიღებთ სტატუსს, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, ვისაც გვინდა ევროპის ნაწილი გავხდეთ და მაქსიმალურს ვაკეთებთ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მათთვის ბიზნესის ხედვები. კარგად უნდა გავაცნობიეროთ ალბათ თუ რაც იყო ხაზგასმული, რომ ომი შეიძლება მალე დასრულდეს, მაგრამ სანქციები რუსეთის მიმართ გაგრძელდება წლები და ჩვენ ვთქვათ, რამდენად მზად ვიქნებით ამისთვის, ეს არის ჩვენი ასარჩევი. ჩვენი ასარჩევი არის ჩვენი მომავალი, იქნება ეს ევროპისკენ თუ სხვა მიმართულებით.
ქართული ბიზნესის მზაობა, რომ სანქციები დააწესოს, ამაზე ნამდვილად არ ყოფილა საუბარი. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ რუსეთი ჯერ კიდევ ტრადიციული ბაზარია როგორც იმპორტის მიმართულებით, აგრეთვე ექსპორტის. მაქსიმალური უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ევროპის კარი გაიღოს, ამას სჭირდება სტანდარტები," - აცხადებს ივა ჭყონია.
0
0