
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, პარლამენტის მიერ სებ-ის საბჭოში ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის ახალ წევრებად დამტკიცების საკითხზეა საუბარი. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ამ ორი კანდიდატურის სებ-ის საბჭოს წევრებად წარდგენის მიზეზად „მანკიერი პროცესის ლუსტრაციაა“ დასახელებული.
„რაც ეხება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს, ყველას მიერ პროფესიონალად და გამოცდილ კადრად აღიარებული გიორგი ბაქრაძის კანდიდატურის საჯარო და სამარცხვინო ჩაგდების შემდეგ, საჭირო გახდა უმრავლესობის მიერ წარმოებული ამ მანკიერი პროცესის ლუსტრაცია, რომელიც პარლამენტმა 21 სექტემბერს 82 და 83 ხმით დაამტკიცა“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
21 სექტემბერს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურებს მხარი დაუჭირა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ნანა ყეინიშვილს მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატი არ წასულა, რაც შეეხება თეიმურაზ ხომერიკს, მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 82-მა დეპუტატმა, უარი არც ერთ დეპუტატს არ განუცხადებია.
0
0