28/07/2022
15:48
სამართალი
თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პატიმრობაში მყოფ სუსის ყოფილ მაღალჩინოსანს, სოსო გოგაშვილს მიმართა და თემირლანის საქმეზე სიმართლის თქმა ურჩია..
“ის, რაც გოგაშვილმა იმ ღამით იწვნია, იმ სისასტიკის გემო, დღევანდელი მახინჯი სისტემისგან, მე და ჩემს ოჯახს ბევრჯერ მეტად გვქონდა გავლილი. იმ ღამეს იქნა მოკლული ჩემი ერთადერთი ვაჟი – თემირლანი.
სადღაც მეტკინა, მართლაც. იმიტომ, რომ ის მანდილოსანია, პატარა ბავშვია და რასაც ვუყურებდით, ეს ნორმალური ადამიანისთვის მისაღები არ იყო.
უკვე წაქცეულ, დაქცეულ კაცზე ფეხებით დაბიჯებას და მასზე წიხლებით გავლა მე ღირსეულ სვლად არ მიმაჩნია.
ვისურვებდი თემირლანის საქმეზე ყოფილიყო დაკავებული…
აქედან მივმართავ, დღეს ციხეშია, მან იცის უკვე შვილის მონატრება რა არის. საუბრობს თავის პეტრეზე. ის ცოცხალია, მისი შვილები ცოცხლები არიან. მე ერთი ვაჟი მყავდა და არ მყავს და აქ დაფიქრდეს, რას ნიშნავს შვილის მონატრება, რას ნიშნავს შვილის სიყვარული და ისაუბროს თემირლანზე, თუ მას პატარა კაცობა მაინც შერჩენია.
ხომ იძახდა – ერთ-ერთი განცხადებაა მისი გაკეთებული – “მე ვაჟკაცობით მაჩალიკაშვილს არ ჩამოვუვარდები, ის თუ ვაინახია, მე ქიზიყელი ვარ. როგორც ის მიწოდებს, მე თერლოევი, არ ვარ ქართული გვარის ღირსი, მე საპასუხო არაფერი არ მაქვს მისთვის. წაქცეული კაცისთვის ფეხის დაბიჯებას არ დავიწყებ.
მე ქართული გვარი მაქვს, საქართველოში ვარ დაბადებული და გაზრდილი. ვამაყობ ამით. მაგრამ, თვითონ როგორც იძახდა, მას თუ შერჩენია ვაჟკაცობა, ისაუბროს სიმართლე თემირლანის ნაწილში.
ისე ტყუილები კი არა, როგორც მან გააკეთა განცხადება, ჩატაევი დაუკავშირდა თემირლანს თბილისში, თბილისიდან მისი შვილი თემირლანი დაუკავშირდა ვახას, რომ ის შემოდის. აი ეს იყო ტყუილი, რამაც მთელი საქართველოს ნახევარზე მეტი საზოგადოება, ასე ვთქვათ, დააჯერა. ეს იყო დიდი ტყუილი. ასეთი ინფორმაცია მას ბევრი აქვს გავრცელებული, მოინანიოს ტყუილები და ისაუბროს სიმართლე. მოვუწოდებ მას”, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.
0
0