22/11/2024
16:06
პოლიტიკა
ჩვენს პოზიციაში მამუკა ხაზარაძე თუ ბუნდოვანებას ხედავს, რამდენჯერმე კიდევ კარგად მოუსმინოს და აღარ დაინახავს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პარტიამ „საქართველოსთვის“ ნათლად განაცხადა, რომ პარლამენტში არ შევა და არ მისცემს ლეგიტიმაციას.
„ჩვენ ძალიან ცხადად ვთქვით, რომ ჩვენი მხრიდან არანაირი ლეგიტიმაცია პარლამენტს არ ექნება, არ შევალთ პარლამენტში და ვიდგებით ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, მათ შორის, ბუნებრივია, 25 ნოემბრის აქციაზეც. არ ვიცი, აქ რა კითხვის ნიშნები დარჩა. არ დავექვემდებარებით არანაირ ბულინგს, გამორიცხულია, ჩვენს დღის წესრიგზე გავლენა მოახდინოს „ნაციონალური მოძრაობის“ თუ რომელიმე სხვა პარტიის წარმომადგენლის ბულინგმა. ჩვენი ამომრჩევლის გარდა, არავის მივცემთ ბერკეტს, რაიმე გავლენა მოახდინოს ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგზე. არც „ქართულ ოცნებას“ მივცემთ ამის საშუალებას. რას და როდის გავაკეთებთ, მათ შორის სიებს ჩავხსნით, მანდატებზე წერილს დავწერთ თუ არა და როდის, ეს არის ჩვენი გადასაწყვეტი“, – აღნიშნა ლილუაშვილმა.
რაც შეეხება შეხვედრაზე მამუკა ხაზარაძის შეთავაზებას, ბექა ლილუაშვილის თქმით, მათ საუბრის და შეხვედრის პრობლემა არ აქვთ.
„ჩვენს პოზიციაში ხაზარაძე ბუნდოვანებას თუ ხედავს, რამდენჯერმე კიდევ კარგად მოუსმინოს და აღარ დაინახავს ბუნდოვანებას. ზოგადად, ჩვენ „ლელოსთან“ წინასაარჩევნოდ შტაბების დონეზე ვთანამშრომლობდით, ახლაც არანაირი პრობლემა სიცხადის შეტანის და საუბრის არ არის. არც არასდროს ყოფილა. ჩვენ ძალიან ცხადად ჩამოვაყალიბეთ, რა არის ჩვენი ხედვა და ნაბიჯები. ჩვენ არასდროს გვქონია შეხვედრის პრობლემა და არც ახლა იქნება“, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.
მისივე თქმით, დაფინანსების მიღებაზეც ისეთივე მიდგომა აქვთ, რაც პარლამენტში შესვლაზე და არ აპირებენ მის მიღებას.
„რა თქმა უნდა, ჩვენ დაფინანსებას არ მივიღებთ და რა პოზიციაც გვაქვს ზოგადად ამ პროცესებზე, იგივე ვრცელდება ამ ნაწილშიც. როგორც ვიცი, სამართლებრივად უნდა მიმართო წერილობით, რომ მიიღო და ჩვენ მსგავსი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს. როგორც შესვლას და ლეგიტიმაციას, ეს ეხება ზოგადად ყველა პროცესს, რაც არჩევნებისა და პარლამენტის ლეგიტიმაციას ეხება. დაფინანსების ნაწილში ყველანაირ ტექნიკურ საკითხზე ერთიანი პოზიცია გვაქვს“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ცნობისათვის: პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ გუშინ განაცხადა, რომ დღევანდელ გარემოში მისი პარტია სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განაცხადის გაკეთებას არ აპირებს. მოგვიანებით აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე, რომელმაც საპასუხოდ აღნიშნა: „ჯინიანობის დრო არ არის, ახლა არის დარწმუნების და იმის ჩვენების დრო, რომ ოთხივე პარტია ერთად თუ არ დავდგებით, ქვეყანას წავაგებთ, გახარიას გუნდს ვთხოვ, შევხვდეთ და ამ თემაზე ვისაუბროთ“.
0
0