
დარწმუნებული ვარ, შიო მესამე იქნება გამორჩეული პატრიარქი, თავის სიტყვას იტყვის ჩვენს ქვეყანაში და ერის და ხალხის გაერთიანებაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს სვეტიცხოველში განუცხადა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო III-ის ინტრონიზაციას დაესწრო.
მამუკა მდინარაძემ ახალ კათოლიკოს-პატრიარქს წარმატებები უსურვა.
„მეუფე შიო, რომელიც დღეს უკვე პატრიარქია, არის ძალიან ღირსეული ადამიანი. ვინც იცნობს და არ იცნობს მას, ამაში ყველა დარწმუნებულია. ასეთი იყო ღვთის ნება, ასეთი იყო მეუფეთა ნება და დღეს მართლაც ისტორიული დღეა, ვულოცავ მას, ვუსურვებ ბევრ წარმატებას, ჯანმრთელობას, რომ შეძლოს ამ უდიდესი პასუხისმგებლობის და იმ მოვალეობის შესრულება, რაც ღმერთმა და სინოდის წარმომადგენლებმა დააკისრეს. მართლაც ძალიან რთულია, ილია მეორის შემდეგ ამ მძიმე ჯვრის ტარება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, იგი ამას შეძლებს და იქნება გამორჩეული პატრიარქი. ვფიქრობ, ის თავის სიტყვას იტყვის ჩვენს ქვეყანაში და ერის და ხალხის გაერთიანებაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
0
0