
დღეს „ქართული ოცნება“ არის უმცირესობაში საქართველოს მასშტაბით. საქართველოს დედაქალაქში ბოლო მონაცემებით, ისინი 25%-საც კი ვერ ააგროვებენ. ამიტომაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადგილობრივ არჩევნებზე თბილისის გათავისუფლების შანსი ძალიან მაღალია, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, „წარმოუდგენელია, რომ დღევანდელ რეალობაში „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში გაიმარჯვოს“.
„დღეს გაყალბების ყველა სქემა გაშიფრულია. წარმოუდგენელია ამ რეალობაში, რომ „ოცნებამ“ თბილისში გაიმარჯვოს. ახალი საპარლამენტო არჩევნების გარეშე ქვეყანა დარჩება არალეგიტიმური ხელისუფლებების პირობებში, ამიტომაც ჩვენი მოთხოვნა არსად მიდის. ჩვენი პოზიციაა, თვითმმართველობის არჩევნები გამოვიყენოთ და თბილისი გავათავისუფლოთ. საქართველოს დედაქალაქის გათავისუფლება რუსეთისგან იქნება ქართველი ხალხის გამარჯვების დასაბამი“, - განაცხადა მან.
ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლების საგამოძიებო კომისიაში უკვე მეორედ დაბარებასთან დაკავშირებით სამადაშვილმა განაცხადა, რომ კომისია არის კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის წესის დარღვევით შექმნილი, შესაბამისად, მას არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს.
„საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს საგამოძიებო კომისია არის კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის წესის დარღვევით შექმნილი. ამიტომაც ამ კომისიას არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. ის არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი. მეორეს მხრივ, ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ეს არის რუსეთის დავალებით შექმნილი ინსტრუმენტი. ვფიქრობ, მათ შორის, მამუკა ხაზარაძის მეორედ დაბარება უკავშირდება მიზანს, რომ მოხდეს მისი გათიშვა პოლიტიკური პროცესებიდან. ეს ხელისუფლება ძალიან სწრაფად ცდილობს მოასუფთაოს შიდა პოლიტიკური ველი რუსეთისთვის. ჩვენი პოზიცია ნათელია, ვიცით, რისთვის არის ის შექმნილი და ჩვენ ამ კომისიასთან არ ვთანამშრომლობთ. „ქართული ოცნება“ ცდილობს ამ პროცესის გაწელვას, რათა ოპოზიციურ სპექტრში განხეთქილება გამოიწვიონ. ჩვენი ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ერთიანი ფრონტით, ვერანაირი მუქარა ვერ შეაშინებს,“ - განაცხადა მან.
სამადაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება კრემლიდან იმართება.
„ჩემი დიდი ბაბუა 1930-იან წლებში ჯაშუშობის ბრალდებით დახვრიტეს. რით უნდა დაემტკიცებინა, რომ უცხო ქვეყნის ჯაშუში არ იყო? ეს სრული აბსურდია. დღეს რა ხდება, ეს არის სტალინისტური „ტროიკების“ შთამომავალი ხალხი, რომელსაც აქვს დავალება, ველი საბოლოოდ მოუსუფთავონ რუსეთს და მან პოზიციები გაიმყაროს. მათი დავალებაა, საქართველომ დაკარგოს ევროკავშირის ყველა პერსპექტივა. ამ ნაბიჯებს მიზანმიმართულად ახორციელებენ. ამიტომ ვამბობთ, რომ უნდა გავერთიანდეთ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. ბიძინა ივანიშვილს ამ ერთიანობის ეშინია.
ის, რაც არ ესმის ივანიშვილს არის, რომ პოლიტიკური პარტიები კი არ არის პრობლემა რუსეთისთვის, საქართველოს მოქალაქეების 80% და მეტი ირჩევს ევროპულ მომავალს. მათ რუსეთი მიაჩნიათ სერიოზულ საფრთხედ. ეს მონაცემები ვერ შეცვალა აღვირახსნილმა ანტიდასავლურმა პროპაგანდამ, რომელსაც ეს ხელისუფლება აკეთებს რუსეთის დავალებით. მინდა თეა წულუკიანს თქვენი ეთერიდან მივმართო, საგამოძიებო კომისიაში დაიბარეთ ბიძინა ივანიშვილი, დაიბარეთ ირაკლი კობახიძე და ჰკითხეთ, რატომ ეწევიან საქართველოს მიზანმიმართულ იზოლაციას,“ - განაცხადა მან.
რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ აიღებს პასუხისმგებლობას თუ ევროკავშირი საქართველოს უვიზო მიმოსვლას გაუუქმებს, ვინაიდან ამის რეალური საფუძველი არ არსებობს, სამადაშვილმა განაცხადა, რომ პაპუაშვილი და მისი გუნდი რუსეთის დავალებას ასრულებენ, რადგან რუსეთს ძალიან აღიზიანებს საქართველოს უვიზო მიმოსვლა.
„ჩვენ მოვისმინეთ პოლონეთის განცხადება, რომ საკითხავია, უნდა ჰქონდეთ თუ არა ავტოკრატიულ რეჟიმებს უვიზო მიმოსვლა. პაპუაშვილი და მისი გუნდი არიან არამხოლოდ ავტოკრატიული, არამედ სისხლიანი, კანონდამრღვევი, ანტისახელმწიფოებრივი, რუსეთის მსახური რეჟიმი. ისინი რუსეთის დავალებას ასრულებენ, რადგან რუსეთს ძალიან აღიზიანებს საქართველოს უვიზო მიმოსვლა. ჩვენ ბევრი ვიშრომეთ უვიზო მიმოსვლის მისაღებად“, - განაცხადა მან.
სამადაშვილმა ასევე ისაუბრა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ლიკვიდაციაზე და აღნიშნა, რომ ის შინაარსობრივად გაუქმებული დიდი ხანის მანძილზე იყო და მხოლოდ ფორმალურად არსებობდა.
„ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შინაარსობრივად გაუქმებული დიდი ხანის მანძილზე იყო და ის მხოლოდ ფორმალურად არსებობდა. ქვეყნის უსაფრთხოების და უშიშროების სისტემა არის რუსეთზე გადაბარებული. ეს არის უმძიმესი რეალობა. ეს არის ჰიბრიდული ოკუპაცია. ხელისუფლების მიზანია რუსეთისთვის მარტივად მართვადი სისტემა შექმნას“, - განაცხადა მან.
0
0