
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, ყველასთვის კარგად იყო ცნობილი, რომ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებზე გამოუცხადებლობა, შესაბამისი მოთხოვნების შეუსრულებლობა, კომისიისთვის ცრუ ახსნა-განმარტების მიცემა გამოიწვევდა სისხლის მათებრივ პასუხისმგებლობას.
როგორც ჭეიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ საჯარო განცხადებით, პირდაპირ უარი თქვეს საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობაზე, რამაც დღის წესრიგში ავტომატურად დააყენა მათთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების საკითხი.
მისი განმარტებით, ამ შემთხვევაში, როდესაც აცხადებენ, რომ მართლმსაჯულება თითქოს პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად არის გამოყენებული, ეს უბრალოდ არის სასაცილო და არასერიოზული.
"ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს არის სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც სამართლის წინაშე ყველა არის თანასწორი, მიუხედავად იმისა, კონკრეტულ შემთხვევაში ის არის პოლიტიკოსი ან ნებისმიერი სხვა პროფესიის წარმომადგენელი. როდესაც კონკრეტულად იყო გაცხადებული დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატთან მიმართებით, რომ ამ კომისიის სხდომებზე გამოუცხადებლობა, შესაბამისი მოთხოვნების შეუსრულებლობა, კომისიისთვის ცრუ ახსნა-განმარტების მიცემა გამოიწვევდა სისხლის მათებრივ პასუხისმგებლობას. ბუნებრივია, ამას საფუძვლად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლები და ნორმები. აქედან გამომდინარე, როდესაც დღეს ვიღაც იწყებს საუბარს, რომ თითქოს პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად არის გამოყენებული ამ შემთხვევაში მართლმსაჯულება, ეს უბრალოდ არის სასაცილო და არასერიოზული. გაკეთდა შესაბამის მიმართვა ხაზარაძისა და ჯაფარიძის მისამართიც, რაც საყოველთაოდ ცნობილია. მათ საჯარო განცხადებით, პირდაპირ უარი თქვეს საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობაზე, რამაც ავტომატურად დღის წესრიგში დააყენა მათთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების საკითხი. არის ძალიან კონკრეტული მოცემულობა, არის ფაქტი, რომ მათ უარი თქვეს და თავი აარიდეს დროებით საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობას და, მეორე მხრივ, გვაქვს სისხლის სამართლის ნიშნები. დანარჩენი, შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაცია როგორ მიეცემა ამ მოქმედებას თუ უმოქმედობას, ეს უკვე გამოძიების პრეროგატივაა", - განაცხადა ჭეიშვილმა.
0
0