13/05/2023
13:13
სამართალი
გარდაბანში, მამის მკვლელობისთვის დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცი ბრალის წარდგენას ელოდება. 21 წლის ბიჭთან გამომძიებლები ბრალის ოფიციალურად გასაცნობად დღეს შევლენ. დანაშაულში ეჭვმიტანილი ახლა რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ის დანაშაულს აღიარებს.
არსებული ინფორმაციით, შვილმა მამა დედის დასაცავად მოკლა, რადგან 50 წლამდე ასაკის კაცი, საკუთარ ცოლზე თვეების განმავლობაში ძალადობდა და მოკვლით ემუქრებოდა. დაკავებული კაცის გათავისუფლებას ახლა სოფელი ითხოვს.
არსებული ინფორმაციით, შვილმა მამა ცივი იარაღით, დანით მოკლა. ცოლი მოკლულ ქმარს ძალადობაში ამხელს, მკვლელობისთვის ბრალდებულ შვილს კი ამართლებს და ამბობს, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში, კახა კობახიძე არასრულწლოვან ძმას და დედას იცავდა. 48 წლის კობა კობახიძე მოკლულია, მისი 21 წლის შვილი კი, მამის მკვლელობაშია მხილებული და გისოსებს მიღმაა.
როგორც კობახიძეების ოჯახში, ასევე სოფელშიც, მკვლელობის მხოლოდ ერთადერთ ვერსიას განიხილავენ - დანაშაულს მოკლულის მხრიდან თავდასხმის მოგერიებით ხსნიან.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. არ არის გამორიცხული, რომ მოგვიანებით ეს მუხლი გადაკვალიფიცირდეს.
0
0