თბილისის საქალაქო სასამართლომ მამის მკვლელობაში ბრალდებულ 25 წლის რეზი გამხიტაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი მის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. თუმცა, მისი შუამდგომლობა მოსამართლე დავით მგელიაშვილმა არ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს გლდანში სავარაუდოდ, შვილმა მამა მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა მამას დანით მიაყენა ჭრილობა. მიღებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. მკვლელობას ერთადერთი მოწმე გამხიტაშვილის არასრულწლოვანი დაა, რომელმაც აღნიშნული ფაქტის შესახებ პოლიციას შეატყობინა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0