28/02/2024
15:21
სამართალი
თბილისში, ლილოს დასახლებაში მოკლული 22 წლის გოგო ქეთი ჯავახიშვილია.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის სავარაუდო მოტივი მეგობართან არსებული კონფლიქტია. მას დანით აქვს მიყენებული სასიკვდილო ჭრილობები.
"დილით 9, 10 საათზე ნახეს ხელოსნებმა. ჩვენ სამსახურში გვეგონა, ძმაც იქ მუშაობს და არ მოსულაო. მამა დაეჭვდა, მივიდა, გადააბრუნა და თავისი შვილი ნახა. არ ვიცი, ჰქონდა თუ არა პრობლემები. არ ვიცით, ვისთან დარეკა, ვისთან მესიჯობდა... ფაქტია, 2-ის ნახევარზე ეღვიძა,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
გოგონას სავარაუდოდ, გვიან ღამით დაურეკეს, რის შემდეგაც სახლიდან გავიდა. როგორც ოჯახის ახლობელი ჰყვება, ბებიის თქმით, ქეთი ჯავახიშვილი ღამე, 01:30 საათზე ჯერ კიდევ სახლში იმყოფებოდა.
ის ბასრი საგნითაა მოკლული, თუმცა, ოჯახის ახლობლის თქმით, დადგენილი არ არის, აღნიშნული საგანი დანაა თუ არა.
არსებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირი სამართალდამცავებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ და მის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
„სახლის წინ სახელოსნო აქვთ, პატარა ორმოსავითაა და იქ იპოვა სახელოსნოში მომუშავემ, მერე დაუძახა მამას და იმან ამოიცნო. დაკავებული არავინ ჰყავთ, ეძებენ, ჯერ არაფერი ვიცით. იპოვიან ალბათ, ვინ დაურეკა, ვინ მიწერა. ეს გოგონა აეროპორტთან ახლოს რაღაც დაწესებულებაში მუშაობდა“, - აცხადებს ახლობელი.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ადგილზე, ამ წუთებში, პოლიციაა მობილიზებული. გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
0
0