
ემანუელ მაკრონმა გააკეთა საინტერესო განცხადება, ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ ელჩები, მათ შორის ევროპელი ელჩები, სისტემატურად არღვევდნენ ვენის კონვენციას, საერთაშორისო სამართლის წესებს და უხეშად იჭრებოდნენ ქართულ პოლიტიკაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეს ჩარევები ყველასთვის ცხადი იყო.
„თავის დროზე როცა ვაკეთებდით ამაზე განცხადებებს, იყო ნულოვანი რეაგირება. ამ ფონზე, პრეზიდენტ მაკრონის განცხადება არის ძალიან საინტერესო. მათ შორის გავიხსენებ, რომ საფრანგეთის არაერთი ელჩიც წარსულში აკეთებდა უხეშ განცხადებებს, რითაც ირღვეოდა ვენის კონვენცია. იმედი მაქვს, ეს სტანდარტები შეიცვლება და ორმაგი სტანდარტებიდან დავუბრუნდებით ჯანსაღ ტენდენციებს. ასეთი ტენდენციები თუ გაჩნდება, ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა, ჯერ ვხედავთ, რომ მათ შორის ევროპელი ელჩებიც ხშირად არღევენ ვენის კონვენციას. ეს უნდა დასრულდეს, რათა გაუმჯობესდეს ევროკავშირისა და ევროპული სტრუქტურების რეპუტაცია ქართველი ხალხის თვალში“, – განაცხადა კობახიძემ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთში აშშ-ის ელჩის, ჩარლზ კუშნერის კრიტიკა საფრანგეთის მიმართ „მიუღებელია“ დიპლომატისთვის და აღნიშნა, რომ„ფრანგ ელჩს ამის გაკეთების უფლება არასდროს ექნება“.
0
0