
პირველად, ამერიკული მხრიდან გაჟღერდა, რომ საქართველო დაბრუნდა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის დღის წესრიგში. ჩვენ მას შემდგომ უკვე კონკრეტული ნაბიჯებიც ვიხილეთ. შედგა არაერთი კონსულტაცია, მათ შორის შედგა ზარი პრემიერ-მინისტრთან, ვიზიტები როგორც ვაშინგტონში, ისე თბილისში სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას ისაუბრა.
მაკა ბოჭორიშვილმა მიმდინარე პროცესზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს არის კონსულტაციების საწყისი ეტაპი, რომლის შედეგები მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული მომავალ განვითარებაზე.
„რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ჩავთვალოთ, რომ პირველი ეტაპია კონსულტაციების და პირველი შეხვედრები ასეთი ფორმის ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში სახელმწიფო დეპარტამენტთან და რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, თუ როგორი იქნება ამ კონსულტაციების შედეგები. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის კომუნიკაციები, შეხვედრები, რაც ამ დრომდე იყო ამერიკის შეერთებული შტატების მხარესთან, შეგვიძლია შევაფასოთ პოზიტიურად და შედეგიანად, ვინაიდან სწორედ ამის გამოძახილია და გაგრძელებაა უკვე დაგეგმილი ვიზიტები, რომელსაც ჩვენ მაისში ველოდებით“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა, ასევე ყურადღება გაამახვილა აპრილში განხორციელებულ ვიზიტებზე.
„აპრილში იყო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები, მეც მქონდა შეხვედრა მასთან, არამხოლოდ მე, ბევრი შეხვედრა განხორციელდა საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებთან. ამ ვიზიტის შედეგი იყო სწორედ სატელეფონო საუბარი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სახელმწიფო მდივანს შორის. ეს ის პროგრესი, რაც გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებში. ჩვენც არაერთხელ აღგვინიშნავს და აღნიშნა ასევე სახელმწიფო მდივანმა, რომ ის მემკვიდრეობა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას დახვდა საქართველოსთან ურთიერთობაში, არ არის მარტივი და არ იყო მარტივი ამ ნაბიჯების გადადგმა, რომ აქამდე მივსულიყავით, ერთმანეთთან დაგვეწყო საუბარი. მოხარული ვართ, რომ ეს შედგა და შესაძლებელი გახდა, დავბრუნდეთ მაგიდასთან და გავაგრძელოთ საუბარი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იყო თებერვლიდან დღემდე, რაც გავიარეთ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილის თქმით, მიმდინარე წლის მაისში დაგეგმილია სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი და შეხვედრები ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებთან.
„მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში. შეხვედრები დაიგეგმება არა მხოლოდ ჩემთან, არამედ საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებთან“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
0
0