
ჩვენ არ გვეშინია კითხვების დასმის. ვსვამთ კითხვებს: რა მიზანს ემსახურება ქართულ სახელმწიფოზე, ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლა? რა კავშირი აქვს ამას რუსეთთან ბრძოლასთან? – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საგარეო უწყებაში დიდი ბრიტანეთის ელჩთან, გარეთ უორდთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, ბოჭორიშვილს კითხვა დაუსვეს, როგორ გამოიყურება დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირება იმ ფონზე, როდესაც ბრიტანული „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მონაცემებით, „რუსეთი სანქციების გვერდის ავლისთვის ბრიტანეთის ტერიტორიებს იყენებს, განხორციელებულია, სულ მცირე, 8 მილიარდი დოლარის გარიგება“.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, გარეთ უორდთან შეხვედრაზე აღნიშნულ საკითხსაც შეეხნენ.
„ესეც დავსვით, ესეც არის ნამდვილად. 40 წუთის განმავლობაში ამ საკითხსაც შევეხეთ. ვრცელდება ინფორმაციები, რაც ადასტურებს, რა რაოდენობის ვაჭრობას ახორციელებენ რუსეთთან დიდ ბრიტანეთში დარეგისტრირებული კომპანიები. ასეთი მასალები არსებობს, რომელიც წარმოდგენილია არა მხოლოდ ქართულ, საერთაშორისო მედიაში, არამედ საერთაშორისო კვლევებს ეფუძნება. რა თქმა უნდა, ამ ფონზე ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლა კითხვებს აჩენს. ჩვენ არ გვეშინია ამ კითხვების დასმის და ვსვამთ კითხვებს: რა მიზანს ემსახურება ქართულ სახელმწიფოზე, ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლა? რა კავშირი აქვს ამას საერთოდ რუსეთთან ბრძოლასთან, როგორც ისინი გვეუბნებიან, რომ რუსეთს ებრძვიან? ვერავის დავეთანხმები, რომ საქართველოსთან ასეთი მეთოდებით დამოკიდებულებით რაიმე გავლენას ახდენენ რუსეთის დასუსტებაზე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია: „დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს: არსებობს გონივრული საფუძველი ეჭვისთვის, რომ „პოსტივი“ და „იმედი“ წარმოადგენენ ჩართულ პირს, რუსეთის სანქციების 2019 წლის რეგულაციების შესაბამისად, შემდეგი საფუძვლით: ავრცელებენ განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ. აღნიშნული ქმედება მხარს უჭერს ან ხელს უწყობს ისეთ პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში, ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. კერძოდ, რეგულარულად ავრცელებენ ისეთ კონტენტს, რომლის მიხედვითაც, უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, უკრაინა არის დასავლეთის „მარიონეტი“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა, უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას“.
ამასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული. ელჩს არც საგარეო უწყებაში შესვლამდე და არც საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
0
0