16/03/2023
17:20
მსოფლიო
ახალი გამოკითხვების მიხედვით, 14 მაისს დაგეგმილ არჩევნებამდე, თურქეთის ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ პრეზიდენტ რეჯეფ თაიპ ერდოღანთან შედარებით, 10 %-ზე მეტით ლიდერობს.
გამოკითხვებმა ასევე აჩვენა, რომ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური ბლოკი, სახელწოდებით „სახალხო ალიანსი“, ლიდერობს - სულ მცირე, 6 ქულით უსწრებს ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიას“ (AKP) და მის მოკავშირეებს.
ერდოღანი, თავისი 20-წლიანი მმართველობის მანძილზე, ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დგას მას შემდეგ, რაც საარსებო მინიმუმის ხარჯების ზრდის ფონზე, მისი პოპულარობა შემცირდა.
მომავალი არჩევნები გადაწყვეტს არა მხოლოდ იმას, თუ ვინ უხელმძღვანელებს თურქეთს, არამედ როგორ წარიმართება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და განსაზღვრავს, თუ რა როლი შეიძლება შეასრულოს თურქეთმა უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტების გადაჭრის საკითხში.
როგორც პოლიტიკური რისკების საკითხებში ექსპერტმა ვოლფანგო პიკოლიმ თქვა, „სახალხო ალიანსმა“ ერთიანი ფრონტით უნდა წარუდგინოს ამომრჩევლებს გეგმა, რათა არჩევნებამდე თავიანთი იმპულსი შეინარჩუნონ.
„უბრალოდ, თურქების მიერ ყველაფერში ერდოღანის დადანაშაულება (რაც არასწორია) არ შეწყდება. წარსულმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ერდოღანი ფენომენალური კამპანიის მონაწილეა, მაგრამ ბოლო მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ მან დაკარგა ამომრჩევლებთან კავშირის ჩვეული პოპულარული უნარი“, - განუცხადა მან Reuters-ს.
6-7 მარტს, Alf Research-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქილიჩდაროღლუმ ხმათა 55,1% მიიღო, ხოლო ერდოღანმა - 44,9%. ქილიჩდაროღლუს „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ (CHP) ხმათა 31,8% მიიღო, ხოლო „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ 31%. მთავარმა ოპოზიციურმა ბლოკმა ხმების 43,5% მიიღო, ხოლო პროქურთულმა „სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ“ (HDP) - 11,3%. „სამართლიანობისა და განვითარების პარტიას“ (AKP) და “ნაციონალისტური მოძრაობის პარტიას” (MHP), ერთად, 37,5%-იანი მხარდაჭერა ჰქონდათ.
Piar Research--ის მიხედვით, ქილიჩდაროღლუმ 57,1%-ით გაიმარჯვა, ერდოღანი კი მას 42,9%-ით ჩამორჩა. „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ (CHP) 32,3% მიიღო, „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ (AKP) 30,8%, „სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ“ - 11,6%, მთავარმა ოპოზიციურმა ბლოკმა - 46,4%.
როგორც ჩანს, გასულ თვეში, თურქეთში მომხდარმა მიწისძვრებმა გარკვეულწილად იმოქმედა ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ (AKP) პოპულარობაზე. Metropoll-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში, გამოკითხულთა 34,4% ხელისუფლებას ადანაშაულებს მიწისძვრით გამოწვეულ ზარალში, ხოლო 26,9% - კონტრაქტორებს.
ვაშინგტონში დაფუძნებული „ახლო აღმოსავლეთის დემოკრატიის პროექტში“ თურქეთის პროგრამის დირექტორმა მერვე თაჰიროღლუმ თქვა, რომ ოპოზიციური ალიანსი „მრავალფეროვანია“ და ალიანსის თითოეულ ცნობილ ფიგურას შეუძლია მიმართოს თურქეთის სხვადასხვა სეგმენტს.
„ამ კონკრეტულ მომენტში ჩვენ მეტი მიზეზი გვაქვს, რომ ოპტიმისტურად განწყობილი ვიყოთ თურქეთის არჩევნებისადმი, რომელიც ოპოზიციის ისეთი გამარჯვებით დასრულდება, ვიდრე ოდესმე ყოფილა ბოლო 20 წლის განმავლობაში“, - თქვა მან „დემოკრატიის დაცვის ფონდის“ მიერ გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.
0
0