
კიბერუსაფრთხოების ექსპერტი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, მაიკ ბენცი, საქართველოში 2024 წლის მაისში „უცხოური გავლენის კანონთან“ დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციებზე საუბრობს.
ბენცი ხაზს უსვამს აშშ-ის „ორმაგ სტანდარტს“ და აღნიშნავს, რომ მაშინ, როცა თავად ამერიკაში ათწლეულებია მოქმედებს FARA (უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი), ვაშინგტონი სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, მსგავსი კანონმდებლობის მიღებას უკრძალავს, რადგან ამ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის ქონა თავად სურს.
ექსპერტის განმარტებით, აშშ-ის ინტერესებში შედის, რომ სხვა სახელმწიფოებმა არ იცოდნენ, თუ ვინ ფინანსდება სახელმწიფო დეპარტამენტის, USAID-ისა თუ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) მიერ, რათა ამ ორგანიზაციებმა შეუფერხებლად შეძლონ ადგილობრივ პოლიტიკაზე ზეგავლენა.
გამოსვლაში ექსპერტი ამბობს, რომ ქართველი დემონსტრანტები, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილებითა და პიროტექნიკით იბრძოდნენ, სინამდვილეში აშშ-ის მიერ ფინანსდებოდნენ. ბენცის ირონიული შეფასებით, პარადოქსულია, როდესაც ხალხი ქუჩაში გამოდის და ითხოვს, რომ „თვალებზე ხელი ააფარონ“, რათა არ ჰქონდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი მედიასაშუალება, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ინფლუენსერი ფინანსდება ფარულად უცხოური ძალის მიერ.
„არა, ჩვენ პირდაპირ განვათავსეთ ჩვენი დაქირავებული ხალხი. ხალხი, ვინც ქუჩაში გავიდა, ჩვენი გავლენის კვანძებია. ისინი არიან USAID-ის ხელფასზე, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელფასზე, დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) ხელფასზე და ჩვენ ისინი იქ იმისთვის გავგზავნეთ, რომ შეეჩერებინათ კანონი, რომელიც ქართულ საზოგადოებას გააგებინებდა, რომ ჩვენ მათ ვასპონსორებთ“, - განაცხადა ბენცმა.
"კანონმდებლობა ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც თავიანთი დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყაროებიდან იღებენ, საჯაროდ დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხო ძალის ინტერესების მომსახურე ორგანიზაციები“. ნამდვილად. განა ეს ყველაზე გონივრული კანონი არ არის, რაც კი გსმენიათ?“, – აღნიშნა მაიკ ბენცმა.
მისი თქმით, ახლა ევროპაშიც ითხოვენ უცხოური აგენტების კანონს, რათა ევროპამ საბოლოოდ გაიგოს, ამერიკის მთავრობა ხომ არ აფინანსებს ფარულად არასამთავრობო ორგანიზაციებს მათ ქვეყნებში, როგორც ამას მანამდეც აკეთებდა, ასი წლის განმავლობაში.
2
0