
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატს ნიკუშორ დანს მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ სანდუმ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ამასთან, მაია სანდუმ რუმინეთის მოქალაქეობის მქონე მოლდოვის მცხოვრებლებს მოუწოდა, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მიიღონ მონაწილეობა.
„ჩვენ, მოლდოველებმა, ვიცით, რამდენად ღირებულია თავისუფლება და უსაფრთხოება. ჩვენ გვინდა, ვიყოთ ევროპული ოჯახის ნაწილი, რუმინეთთან ერთად. მათ, ვისაც აქვს რუმინეთის მოქალაქეობა, შეუძლიათ, ხმა მისცენ ამ შაბათ-კვირას, რათა დაიცვან ის, რაც უკვე მოიპოვა რუმინეთმა, თუმცა ახლა საფრთხის ქვეშ არის“, – განაცხადა სანდუმ.
სანდუმ რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატს, ბუქარესტის მერს ნიკუშორ დანს მიმართა და აღნიშნა, რომ დანის წესიერებით და სიმტკიცით აღტაცებულია.
„აღტაცებული ვარ თქვენი წესიერებით, სიმტკიცით და სიმართლის პატივისცემით. ასეთ პოპულისტურ დროს არ არის მარტივი, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის კეთება, რაც რუმინეთს და მოლდოვას სჭირდება“, – განაცხადა სანდუმ.
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 18 მაისს გაიმართება. მეორე ტურში მონაწილეობენ ულტრამემარჯვენე ფრთის ლიდერი ჯორჯე სიმიონი, რომელიც პირველ ტურში ხმების 40.94%-ით პირველ ადგილზე გავიდა და დამოუკიდებელ კანდიდატი, ბუქარესტის ამჟამინდელი მერი ნიკუშორ დანი, რომელსაც პირველ ტურში ამომრჩეველთა 20.99%-მა დაუჭირა მხარი.
0
0