
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, გაგაუზიის ლიდერის ევგენია ჰუცულის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენზე კომენტირებისას, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ საქართველოს ექს-პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეადარა.
„სანდუ მეორე სააკაშვილია, ოღონდ მასზე უარესია“, - განაცხადა ზახაროვამ.
ზახაროვამ განაცხადა, რომ ჰუცულების წინააღმდეგ მიმართული უკანონობა მოლდოვაში მმართველი მარიონეტული ანტისახალხო რეჟიმის რეპრესიების კულმინაცია იყო.
„დისიდენტების სისხლისსამართლებრივი დევნა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მოლდოვას ხელისუფლების სავიზიტო ბარათად იქცა“, - დასძინა მარია ზახაროვამ.
როგორც ცნობილია, 5 აგვისტოს, კიშინიოვის რაიონულმა სასამართლომ პრორუსული პარტია „შორის“ დაფინანსების საქმეზე გაგაუზიის ლიდერ, ევგენია ჰუცულს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გაგაუზიის ხელისუფლების განცხადებით, მათი ლიდერის წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიკური ხასიათისაა და წარმოადგენს სანდუს რეჟიმის მიერ ქვეყნის მთელ ოპოზიციაზე ზეწოლას. ავტონომია არ ცნობს განაჩენს და დაუმორჩილებლობის ზომების მისაღებად ემზადება.
0
0