
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, უწყების მთავარ მიზანს ბაზრების დივერსიფიკაცია წარმოადგენს, რისთვისაც ყოველწლიურად მრავალმხრივი აქტივობები ხორციელდება, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიები და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან მჭიდრო თანამშრომლობა ახალი ავიაკომპანიების მოზიდვას უზრუნველყოფს და ერთობლივი ძალისხმევა პირდაპირ აისახება ვიზიტორთა სტატისტიკაზე, სადაც ტოპათეულში ქვეყნების მრავალფეროვნება ფიქსირდება.
„სწორედ ეს არის ის დივერსიფიცირებული ბაზარი და ის სტატისტიკური მონაცემები, რასაც რეალურად ტურიზმის ინდუსტრიიდან ვიღებთ. ჩვენს სტატისტიკურ ათეულში ხვდება ისეთი ქვეყნები ჩვენი ბაზრებიდან, როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი, ევროკავშირის ქვეყნები, გალფის ქვეყნები და, რა თქმა უნდა ისრაელი, მეზობელი ქვეყნებიც. ჩვენი სტრატეგიის თანახმად, ყოველწლიურად მათთან ვმუშაობთ იმისთვის, რომ ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიდეს საქართველოში“, – აღნიშნა მაია ომიაძემ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სწორედ დაგეგმილმა დივერსიფიკაციის პოლიტიკამ განაპირობა ქვეყანაში მოგზაურთა ნაკადის სტაბილური ზრდა.
„სწორედ დაგეგმილმა დივერსიფიკაციის მიზნით მომუშავე სამოქმედო გეგმამ უზრუნველყო ის, რომ წლიდან წლამდე საქართველოში მოგზაურების რაოდენობა იზრდება. სტატისტიკური მონაცემის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში არასოდეს ამდენი მოგზაური არ ჩამოსულა – თუნდაც 2026 წლის პირველ კვარტალში და საერთო სტატისტიკაში მათი წილი 9,1%-ია“, – აღნიშნა ომიაძემ.
0
0