24/01/2023
21:04
სამართალი
ქმარ-შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული, ერთადერთი უვადო პატიმარი ქალი მაგდა პაპიძე, მისი ქორწინების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების თაობაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს მან წერილები გააგზავნა როგორც პროკურატურაში, ისე თბილისის საქალაქო სასამართლოში.
უახლოეს დღეებში მიმართავს მაგდა პაპიძე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასაც, რათა დადგინდეს მის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების ფაქტი. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
მაგდა პაპიძის გადაწყვეტილების შესახებ "რადიო თავისუფლებას" მისი ინტერესების დამცველმა საპატიმრო დაწესებულებაში, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტმა, ეკა ქობესაშვილმა განუცხადა.
როგორც ირკვევა, ადვოკატი მაგდა პაპიძეს 24 იანვარს, რუსთავის მეხუთე ქალთა დაწესებულებაში შეხვდა. ეკა ქობესაშვილი ამბობს, რომ პატიმარმა იცოდა როგორ გაავრცელა 23-24 იანვარს, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ცნობა, თითქოს ის საპატიმროში "მის კლასელზე" დაქორწინდა.
„იყო ძალიან განერვიულებული და გაბრაზებული. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია უარყო და მითხრა, რომ ეს არის სრული აბსურდი. რაც დააკავეს, მას ურთიერთობა აქვს მხოლოდ დედასთან, დასთან და დისშვილთან და არავისთან სხვასთან. ცრუ ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებაც, თითქოს მას ოჯახის წევრებიც კი აღარ ნახულობენ. ისინი ყოველთვის სარგებლობენ კანონით გათვალისწინებული პაემნებით.
მაგდა პაპიძე თვლის, რომ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია მისი ქორწინების შესახებ ემსახურება მის ფსიქოლოგიურ ტერორს და განადგურებას. დღეს უკვე გაგზავნა წერილი პროკურატურაში, სადაც წერს, რომ მიზანმიმართულად ხდება მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელება, რაც ემსახურება მის ფსიქოლოგიურ დეგრადირებას და ითხოვს გამოძიების დაწყებას. ასევე მიმართა სასამართლოს და აპირებს იდავოს იმ მედიასაშუალების წინააღმდეგ, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა“.
ინფორმაცია უვადოდ პატიმრობამისჯილი ქალის, მაგდა პაპიძის ციხეში ქორწინების შესახებ 23 იანვარს გავრცელდა.
0
0