
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის უკრაინისთვის Starlink-ის გათიშვის ალბათობასთან დაკავშირებით გამოეხმაურა. მისი თქმით, უკრაინას Starlink-ის გათიშვით არავინ ემუქრება.
"ეს უბრალოდ ფაქტების გამოგონებაა.
არავის დაუშინებია უკრაინა Starlink-ის გათიშვით. და მადლობა უნდა თქვათ, რადგან Starlink-ის გარეშე უკრაინა ამ ომს დიდი ხნის წინ წააგებდა, ხოლო რუსები ახლა პოლონეთის საზღვართან იქნებოდნენ" - დაწერა რუბიომ თავის X-ზე და სიკორსკის ნათქვამი გააზიარა.
თავის მხრივ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი Tesla-ს, Starlink-ისა და SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორს, ილონ მასკს ეხმაურებოდა, რომელმაც რამდენიმე საათით ადრე თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ Starlink-ის სისტემის გათიშვის შემთხვევაში "ფრონტი სრულად ჩამოინგრევა":
"მე პუტინი უკრაინისთვის ერთი-ერთზე ფიზიკურ ბრძოლაში გამოვიწვიე და ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალია. რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა. რაც მაწუხებს არის ჩიხში შესული ხოცვა, რასაც უკრაინა გარდაუვალად წააგებს. ნებისმიერს, ვისაც ეს ნამდვილად ადარდებს, ნამდვილად ფიქრობს და ესმის, სურს, რომ ხორცსაკეპი შეჩერდეს.
მშვიდობა ახლავე!!". - დაწერა მასკმა.
თავის პოსტში სიკორსკიმ ხაზი გაუსვა, რომ Starlink-ებს პოლონეთის გაციფრულების სამინისტრო აფინანსებს, რაც პოლონეთს წელიწადში დაახლოებით 50 მილიონი დოლარი უჯდება და იმ შემთხვევაში თუ SpaceX არასანდო მიმწოდებლად იქცევა, ალტერნატიული მომწოდებლების ძიებას დაიწყებენ.
0
0