
„მადლობა საქართველოს ხელისუფლებას ყველაფრისთვის, კერძოდ, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოუღებლობისთვის და მათთვის გვერდის ასავლელად აგრესორის დახმარებისთვის;
ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზიდან თავიანთი ქვეყნის რუსეთის უღლისკენ შექცევისთვის; უკრაინის მიმართ მუდმივად უარმყოფელი კომენტარებისთვის“, - ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ჰეორჰი ტიხი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის 17 ნოემბრის განცხადებას. ტიხის ციტატას სააგენტო "უნიანი" ავრცელებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ორშაბათს მიხეილ სააკაშვილის საქართველოდან უკრაინაში ან სხვა ქვეყანაში წაყვანაზე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველ მიხაილო პოდოლიაკის მიერ "ტვ პირველთან" ინტერვიუში გაკეთებული განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა:
„საერთო ჯამში, ჩვენ ვხედავთ იმ არამეგობრულ დამოკიდებულებას, რომელიც უკრაინის ხელისუფლებას ქართველი ხალხის მიმართ გააჩნია. უპირველეს ყოვლისა, ეს არის დიდი უმადურობა. უკრაინის ხელისუფლებამ ერთ-ერთი ქვეყნის კაბინეტში უკვე მიიღო შენიშვნა მადლიერებასთან დაკავშირებით, რომ როდესაც მას გვერდში უდგანან, იმ ხელისუფლებების მიმართ მადლიერება უნდა გამოხატონ და არ გამოიჩინონ უმადურობა. სამწუხაროდ, ზელენსკის ხელისუფლება ქართველი ხალხის მიმართ გამოირჩევა უმადურობით. იმ მხარდაჭერას, რომელიც ქართველი ხალხისგან არსებობს უკრაინის მიმართ, ასეთი პასუხი, რომ აქ ჯერ სააკაშვილი შემოგვიპარეს და შემდეგ მათ შორის, პოდოლიაკის განცხადებებით ცდილობდნენ, რომ რუსეთთან ესკალაციაში შევეყვანეთ, უკრაინიდან გვითვლიდნენ, რომ ოკუპირებულ რეგიონებში გაგვესეირნა და ა.შ. ასე ეპყრობიან ქართველ ხალხს”. - თქვა პაპუაშვილმა
0
0