04/12/2023
16:43
მსოფლიო
ნოემბერში აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის უკრაინაში ვიზიტის დროს მას უთხრეს, რომ უკრაინას 17 მილიონი საარტილერიო ჭურვი სჭირდება, ხოლო ქვეყნის მთელი ტერიტორიის დეოკუპაციისთვის 350-400 მილიარდი დოლარის ღირებულების საშუალებებია საჭირო. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებულ ძალებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Українська правда წერს.
როგორც გამოცემას უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, როდესაც ოსტინმა 17 მილიონი საარტილერიო ჭურვის საჭიროების შესახებ გაიგო, „მას ძალიან გაუკვირდა, რადგან ამ რაოდენობის ჭურვების მოგროვება მთელ მსოფლიოშიც კი რთული იქნებოდა“.
Українська правда-ს კიდევ ერთი წყაროს განცხადებით, ოსტინთან შეხვედრის დროს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ დაიჩივლა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მას ხელს უშლის. გამოცემის წყარო ასევე აცხადებს, რომ ამ საუბრის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გაიგო.
ამასთანავე, როგორც Українська правда-ს ზელენსკის გარემოცვაში საკუთარმა წყაროებმა შეატყობინეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლება მის პოლიტიკურ აღმასვლას შეუწყობს ხელს, ამიტომ პრეზიდენტის გუნდის დიდი ნაწილი ზალუჟნის გათავისუფლებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
0
0