
,,აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მხოლოდ 9 იანვარს შეიტყო, რომ აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი პროსტატის კიბოს მკურნალობს,“ - განაცხადა თეთრმა სახლმა.
თეთრი სახლი ლოიდ ოსტინს აკრიტიკებს იმის გამო, რომ მაღალჩინოსნებისთვის ამის შესახებ არ შეუტყობინებია. თავდაცვის მინისტრმა ბოდიში მოიხადა, რომ მან "საზოგადოებას ინფორმაცია სათანადოდ არ მიაწოდა".
აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით თეთრმა სახლმა შეშფოთება გამოთქვა და ეჭვქვეშ დააყენა ბაიდენის ადმინისტრაციის გამჭვირვალობის საკითხი.
პენტაგონმა დაადასტურა, რომ ლოიდ ოსტინი 9 იანვარს საავადმყოფოში დარჩა.
როგორც ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერმა ჯონ კირბმა ბრიფინგზე განაცხადა, პრეზიდენტ ბაიდენს მხოლოდ 9 იანვარს ეცნობა, რომ ოსტინს პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.
„ამ დილამდე, თეთრ სახლში არავინ იცოდა, რომ თავდაცვის მინისტრს პროსტატის კიბო ჰქონდა“, - თქვა ჯონ კირბმა.
კირბმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა მინისტრის ჯანმრთელობის გამო მწუხარება გამოთქვა, თუმცა პრესსპიკერმა დასძინა, რომ კომუნიკაციები "არ იყო ოპტიმალური".
აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე კეტლინ ჰიქსი ასევე არ იყო ინფორმირებული მისი საავადმყოფოში ყოფნის შესახებ. მანამდე კი, ლოიდ ოსტინის ექიმებმა განაცხადეს, რომ 2023 წლის დეკემბერში ჩატარებულმა შემოწმებამ „პროსტატის კიბო გამოავლინა, რომელიც მკურნალობას საჭიროებდა“. უოლტერ რიდის სახელობის ეროვნული სამხედრო სამედიცინო ცენტრის ინფორმაციით, ოსტინს კიბოს დიაგნოზი დეკემბრის დასაწყისში დაუსვეს. ,,22 დეკემბერს მან მინიმალურად ინვაზიური ქირურგიული პროცედურა გაიარა. მეორე დილით სახლში დაბრუნდა. პროსტატის კიბო ადრეულ პერიოდში გამოვლინდა და მისი პროგნოზი შესანიშნავია", - ნათქვამია სამედიცინო ცენტრის განცხადებაში.
70 წლის ლოიდ ოსტინი 1 იანვარს საავადმყოფოში ისევ გადაიყვანეს, მოგვიანებით კი, ჩატარებული ოპერაციის შემდგომი გართულებების გამო, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში აღმოჩნდა.
კითხვაზე, რატომ არ გაამჟღავნა ოსტინმა, რომ მას პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს - პენტაგონის სპიკერმა, გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა თქვა, რომ სიტუაცია "პირადია".
0
0