12/06/2023
12:33
პოლიტიკა
ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს განვიხილავთ, როგორც მხარდაჭერის გამოხატულებას ჩვენი ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვან პერიოდში, ისევე, როგორც რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დომინიკ ჰასლერთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ილია დარჩიაშვილმა ლიხტენშტაინის სამთავროს საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრს მადლობა გადაუხადა საქართველოში ჩამოსვლისთვის.
„ჩვენ ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გვქონდა შესაძლებლობა, გვქონოდა კომუნიკაცია ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ. სწორედ ქალბატონი მინისტრის საქართველოში ვიზიტი არის იმის გაგრძელება, რაც ჩვენ დავიწყეთ ნიუ იორკში. ჩვენ გადავწყვიტეთ, გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები. ეს გახლავთ ლიხტენშტაინის სამთავროს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რაც წარმოადგენს ისტორიული მნიშვნელობის მოვლენას ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის. ამას გარდა, ვიზიტს განვიხილავთ როგორც მხარდაჭერის გამოხატულებას ჩვენი ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვან პერიოდში, ისევე, როგორც რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე. დარწმუნებული ვარ, თქვენი სტუმრობა, ქალბატონო მინისტრო, ძლიერ იმპულსს მისცემს ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას და ჩვენ განვაცხადებთ ჩვენს მზაობას ამ მიმართულებით აქტიურად ვიმუშაოთ თქვენთან ერთად“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, მხარეები თანხმდებიან, რომ ორ ქვეყანას აქვს ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პოტენციალი.
„ამისთვის მყარ საფუძველს ქმნის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, რომლის წევრიც არის ლიხტენშტაინი. მისასალმებელია, რომ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოსა და FTA-ს ქვეყნებს შორის ვაჭრობის მზარდი დინამიკა გვაქვს, რაც დარწმუნებული ვართ, მომავალშიც გაგრძელდება. ამას გარდა, ევროპელი პარტნიორებისთვის ძალიან საინტერესო და მიმზიდველია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პროფილი, საქართველოს რეგიონულ-სატრანსპორტო კვანძის ფუნქცია და როლი, საიმედო პარტნიორული ქვეყნის როლი. მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენს ევროპულ პარტნიორებთან ამ მიმართულებით აქტიურ თანამშრომლობას, რათა განვავითაროთ ეკონომიკური, სატრანსპორტო და ლოჯისტიკუტი თანამშრომლობა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობისთვის, ჩვენი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია განათლების სფერო და ამ მიმართულებითაც ვისაუბრეთ ჩვენს ორმხრივ შეხვედრაზე“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, ლიხტენშტაინი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
„დიდი მადლიერება მინდა, გამოვხატო ქალბატონი მინისტრისადმი, რადგან ჩვენ ლიხტენშტაინის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა გვაქვს, როდესაც საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ქალბატონი მინისტრი გუშინ ბრძანდებოდა საოკუპაციო ხაზის მოსანახულებლად. ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მინდა, მადლობა გადავუხადო მას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ძლიერი მხარდაჭერისთვის. ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ძალიან რთულ და გამოწვევებით სავსე სიტუაციაზე, თუ როგორ შეიძლება, პატარა ქვეყნებმა გააძლიერონ თანამშრომლობა, გააძლიერეონ ორმხრივი ურთიერთობები, რათა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე შევძლოთ, გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც მშვიდობასა და უსაფრთხოებას მოუტანს ჩვენს ქვეყნებს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს უკრაინაში არსებულ ვითარებასა და უკრაინის დახმარებაზე.
„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, რუსეთის სამხედრო აგრესიის შესახებ სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ. მე მქონდა შესაძლებლობა, მინისტრისთვის გამეზიარებინა, თუ როგორ ეხმარება საქართველო უკრაინას ჰუმანიტარული და პოლიტიკური მიმართულებით. მე მას გავუზიარე ჩვენი მხარდაჭრა უკრაინელი ძმებისა და დების მისამართით. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ქალბატონო მინისტრო ჩამობრძანებისთვის. განსაკუთრებით ვაფასებ, რომ თქვენი ჩამოსვლის პირობა შეასრულეთ და დიდი ინტერესით ველოდები ასევე ვიზიტს ლიხტენშტაინში. მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ და თქვენს დელეგაციას საქართველოში ყოფნისა და მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
0
0