
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა განაცხადა, რომ აშშ ვილნიუსზე ზეწოლას ახორციელებს, რათა ლიეტუვამ თავისი ტერიტორიის გავლით ბელარუსიდან სასუქების ტრანზიტი დაუშვას. ინფორმაციას ამის შესახებ ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ბუდრისმა ამაზე სოციალ-დემოკრატების ფრაქციასთან დახურულ შეხვედრაზე ისაუბრა. წყაროების თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრმა კონკრეტულად სიტყვა „ზეწოლა“ გამოიყენა.
წყაროების ინფორმაციით, აშშ ზეწოლას არ მხოლოდ ლიეტუვაზე, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებზეც ახორციელებს, რომლებიც ტრანზიტულ მარშრუტებად შეიძლება გამოიყენონ. თუმცა ბელარუსული სასუქებისთვის ბალტიის ზღვამდე მისაღწევად ყველაზე მიმზიდველ მარშრუტად სწორედ ლიეტუვა მიიჩნევა.
როგორც მედიამ გაარკვია, ერთ-ერთი განხილული ვარიანტი მიხედვით, ამერიკული კომპანია „ბელარუსკალისგან“ სასუქებს შეიძენდა და მათ ამერიკულ პროდუქტად გადააფორმებდა. ასევე განიხილებოდა ჰუმანიტარული მიზნებით ტრანსპორტირების სცენარიც.
თუმცა ლიეტუველმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ასეთი ტრანზიტი ევროკავშირის სანქციებით შეზღუდულია.
ლიეტუვამ ბელარუსული კალიუმის სასუქების ტრანზიტი 2022 წლიდან შეაჩერა, მას შემდეგ, რაც 2021 წელს აშშ-მა „ბელარუსკალის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა ბელარუსში ადამიანის უფლებების დარღვევისა და რეპრესიების საპასუხოდ. წელს აშშ-მა ზოგიერთი სანქცია გააუქმა მას შემდეგ, რაც ბელარუსის ხელისუფლებამ რამდენიმე პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა.
ბუდრისმა ასევე აღნიშნა, რომ მინსკმა, შესაძლოა, აშშ-თან ურთიერთობების ცვლილება ლიეტუვაზე ზეწოლის გასაძლიერებლად გამოიყენოს. 12 მაისს ლიეტუვის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კვლავ განაცხადა, რომ ვილნიუსსა და მინსკს შორის პოლიტიკური დიალოგის განსაახლებლად წინაპირობები არ არსებობს.
ცოტა ხნის წინ ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ რიჟენკოვმა განაცხადა, რომ ლიეტუვის მხრიდან ბელარუსთან დიალოგისთვის მზადყოფნას ვერ ხედავს.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კოულმა განაცხადა, რომ ბელარუსული კალიუმის სასუქები აშშ-ისთვის შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს და მათი მიწოდება ლიეტუვის გავლით უნდა ხდებოდეს, ამიტომ ის ვილნიუსისა და მინსკის დიალოგის განახლებას ელის.
1
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 15 მაისიდან
14/05/2026