ლიეტუვის პარლამენტი საქართველოს ე.წ. "აგენტების კანონის" გაწვევისკენ, ხოლო ვეტოს დაძლევის შემთხვევაში ევროკავშირს საპასუხო ზომების განხილვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ აღნიშნულია რეზოლუციაში, რომელიც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო. დოკუმენტს მხარი 93-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი წინააღმდეგი იყო, ათმა კი თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან.
ლიეტუვის პარლამენტი რეზოლუციაში გამოხატავს მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ.
"პარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, განიხილონ საპასუხო ზომების შესაძლებლობა თუ საქართველოს მთავრობა უარყოფს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს, განაგრძობს ამ კანონის იმპლემენტაციას და განაგრძობს სამოქალაქო საზოგადოების დევნას. ამასთან მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გაიწვიოს მიღებული კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", უზრუნველყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, ხელი შეუწყოს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას, ჩაერთოს მასთან დიალოგში და დაიცვას კონსტიტუციური ვალდებულება ევროკავშირსა და ნატო–ში შემდგომი ინტეგრაციისა და აუცილებელი რეფორმების გაგრძელების შესახებ. საქართველოს მთავრობის ქმედებები არ შეესაბამება საქართველოს საზოგადოების მისწრაფებებს და ევროკავშირსა და ნატო–ში ინტეგრაციაზე ქვეყნის მიერ გაცხადებულ მიზნებს, რასაც შესაძლოა, სერიოზული გრძელვადიანი შედეგები მოჰყვეს ქვეყნის გეოპოლიტიკურ ორიენტაციასა და დემოკრატიაზე", - ნათქვამია რეზოლუციაში.
ამასთან, პარლამენტმა მკაცრად დაგმო ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც აშუქებდნენ დემონსტრაციებს, ასევე ცილისწამების, დაშინებისა და ფიზიკური ძალადობის ორგანიზებული კამპანია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ.
რეზოლუციაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ასეთი ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს მშვიდობიანი შეკრებებისა და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობას, მიუღებელია, განსაკუთრებით ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში.
0
0