ასობით ლგბტ თემის წარმომადგენელი ფლორიდის შტატში საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბა, რათა გააპროტესტოს კანონპროექტი, რომელიც, კრიტიკოსების აზრით, შტატის ყველა მცხოვრებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯებს გაზრდის. ამის შესახებ ინფორმაციას „The Guardian“-ი ავრცელებს.
რესპუბლიკელების მხარდაჭერილი კანონპროექტის თანახმად, დაზღვევით მოსარგებლეები ფარავენ რეპარაციული/კონვერტაციის თერაპიის ხარჯებს. ეს თერაპია მეცნიერულად დისკრედიტირებული პრაქტიკაა, რომელიც ლგბტ ადამიანების სექსუალური ორიენტაციის, ან იდენტობის შეცვლას გულისხმობს.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კანონმდებლები ხმას არ მისცემენ ჯანმრთელობის დაზღვევის მანდატს, რომელიც გაზრდის ყველას ხარჯს. ეს კი ლგბტ ადამიანების დემონიზაციას შეუწყობს ხელს. თუმცა ამ ეტაპზე ხელისუფლების ნამდვილად არ გვჯერა“, - თქვა ქუინ დიაზმა, ორგანიზაცია „თანასწორობის ფლორიდის“ საჯარო პოლიტიკის თანამშრომელმა.
დიაზმა ასევე განაცხადა, რომ შემოთავაზებული კანონმდებლობა სექსუალური უმცირესობის წევრებს აიძულებს, სახელმწიფოს მიერ გაცემულ პირადობის მოწმობებზე „გადავიდნენ“. შედეგად, ფლორიდაში მცხოვრებლებს მოსთხოვენ, მართვის მოწმობაში ჩამოთვალონ სქესი, რომელიც მათ დაბადებისას მიენიჭათ.
გასულ წელს რესპუბლიკელმა გუბერნატორმა რონ დესანტისმა ხელი მოაწერა ე.წ. კანონს „არ თქვა გეი“, რომელიც საკლასო ოთახებში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის განხილვას კრძალავს. ამ წლის დასაწყისში ფლორიდის საკანონმდებლო ორგანომ წარადგინა 11 კანონპროექტი, რომელიც LGBTQ თემის უფლებებს ეხება, მათ შორის, შტატის მასშტაბით საჯარო დაწესებულებებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში „პრაიდის“ დროშების აკრძალვას.
0
0