
ფორუმის მიზანი არ ყოფილა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გარკვევა - ირაკლი კობახიძემ ისაუბრა განგრძობით ოკუპაციაზე იმ დოზით და იმ სიღრმით, რაც იყო საჭირო ამ კონფერენციაზე, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, "ამ კონკურენციის მიზანი არ ყოფილა რუსეთთან რაიმე ფორმით შეხვედრა, გასაუბრება, მითუმეტეს, მოლაპარაკებების გამართვა".
"საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქმენეთში იმყოფებოდა კონკრეტული მიზნით, მშვიდობის ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად, თურქმენეთის, ჩვენი პარტნიორის პატივისცემის ნიშნად. თავის სიტყვაში მან გაამახვილა ყურადღება საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემაზე - ოკუპაციაზე. ზოგადად, მშვიდობა იყო ამ კონფერენციის მთავარი თემა და მთავარი თემა პრემიერ-მინისტრის გამოსვლისაც. თავის სიტყვაში აღნიშნა ოკუპაციაც და ხაზი გაუსვა ზოგადად, სუვერენიტეტის პატივისცემას. ეს აღნიშნა, მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტის პირისპირ და თანდასწრებით. [ოკუპაცია ახსენა] იმ სიღრმით და იმ ხარისხით, რაც იყო საჭირო ამ კონფერენციაზე სათქმელად. სხვა არანაირი კვეთა, ფორმალურო თუ არაფორმალური, გასაუბრება, შეხვედრა არ ყოფილა, არც იქნებოდა. ეს არც იყო ამ კონფერენციის მიზანი," - განაცხადა მახაშვილმა.
ცნობისთვის, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში 11-12 დეკემბერს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლის ფორუმი იმართება, რომელიც თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავთან იუბილესთან დაკავშირებით ტარდება.
ღონისძიებას, თურქმენეთის, რუსეთის, თურქეთის, სომხეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და ერაყის პრეზიდენტები, ასევე აზერბაიჯანის, უნგრეთის, საქართველოსა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრები ესწრებიან.
0
0