
ევროკავშირს რუსეთთან მოლაპარაკებები უნდა დაეწყო უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან, როდესაც ევროპის კონტინენტზე ამ მასშტაბის ომი დაიწყო, ბრიუსელს პირველივე დღიდან უნდა ეწარმოებინა მოლაპარაკებები ომის მონაწილეებთან, უპირველესად, რუსეთთან, რომელმაც ეს ომი დაიწყო, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
ლევან მახაშვილს დაუსვეს კითხვა „პოლიტიკოს“ ინფორმაციაზე, რომ ევროკავშირი რუსეთთან მოლაპარაკების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას გეგმავს.
„გასაკვირი არის ის, რომ ოთხი წლის თავზე დაიწყეს ფიქრი, თურმე რუსეთთან საუბარი აუცილებელია. ოთხი წლისთავზე, ვიდრე მარცხის წინაშე არ დადგნენ და ეს მარცხი რეალობად არ იქცა, არავის გაახსენდა და აზრად მოუვიდა, რუსეთთან მოლაპარაკებები ეწარმოებინა. რუსეთთან თუ არ ილაპარაკებენ სხვანაირად როგორ წარმოუდგენიათ ამ ომის დასრულება. ის ფაქტი, რომ ამაზე ოთხი წლის თავზე დაიწყეს ფიქრი კიდევ ერთხელ აჩვენებს რამდენად არაპროფესიონალურად ვითარდება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა. რამდენად არარეალურად აფასებენ იმ ვითარებას, რაც ხდება დღეს ევროპის კონტინენტზე. საბოლოო ჯამში, კიდეც მოილაპარაკებენ და აუცილებლად შესაბამის შედეგებამდეც გავლენ. თუმცა აქ მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამდენი ხანი, ოთხი წელი ორ ქვეყანას აცადეს, ერთმანეთი დაეხოცათ, ამდენი ადამიანი შეეწირა, ამხელა ტრაგედიები ყოფილიყო და ამის შემდეგ გაახსენდათ თურმე მოლაპარაკებები“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
მისი თქმით, ეს კარგად აჩვენებს იმ კრიზისს, რის წინაშეც დღეს ევროკავშირი იმყოფება.
„დიპლომატიის გარეშე ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა ამ მასშტაბის ომის დასრულება. ამ პროცესის მსხვერპლი საქართველოც გახდა. საქართველოზეც იყო ზეწოლა, ბულინგი, მათ შორის პოლიტიკური ზეწოლა და სხვადასხვა ტიპის უსამართლო განცხადებები. ეს ფარდას ხდის ორმაგ სტანდარტს, რომელიც ვიხილეთ ოთხი წლის განმავლობაში. თუმცა ეს ჩვენ ნანახი გვაქვს. აქ ახალი არაფერია. საქართველოს ეს ყველაფერი გავლილი აქვს. სწორედ ამიტომ მივუთითებდით ბრიუსელს, რა იყო საჭირო ამ ოთხი წლის განმავლობაში და ჩვენთვის მთავარი სწორედ ეს იყო. იმედია, ომი მშვიდობით დასრულდება, ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი სწორედ ეს არის. დადგება დრო, როდესაც გვექნება შესაძლებლობა, ეს არაპროფესიონალიზმი სათანადოდ შევაფასოთ, ამ ოთხი წლის განმავლობაში ვის რა როლი ჰქონდა, მათ შორის საქართველოზე ზეწოლის ნაწილში“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.
0
0